ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: მოგიწოდებთ, უკვე ცივ პერიოდში, ღია სივრცეშიც ატარეთ ყველამ პირბადე

გუშინ კიდევ ახალი მონაცემები ამოვკრიბე და ყველაზე უფრო მაღალრეიტინგული ჟურნალებიდან და დაცვის ყველაზე საუკეთესო დაცვის საშუალება პირბადეა. დღეს, როცა მატება გვაქვს, პირბადის ტარება აუცილებელია დახურულ და ღია სივრცეებშიც, სადაც ვერ ვიცავთ დისტანციას. მოგიწოდებთ, ღია სივრცეშიც, უკვე ცივ პერიოდში, ატარეთ ყველამ პირბადე. პირბადე 50-დან 75%-მდე ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს [...] ამიტომ, გთხოვთ, ყველამ დავიცვათ ეს მარტივი წესი და აუცილებლად თავი შევიკავოთ დიდი შეკრებებისგან. ცოტა ხანს, ერთ წლამდე, არ გვინდა დიდი ქორწილები, ჭირის დიდი სუფრები, დღეობები, მოვა ისევ ამის დრო ისევ, მაგრამ ჯერ ეს პერიოდი გასავლელი გვაქვს. ბოლო თვენახევარში, გავრცელების ყველა წყარო იყო ამ დიდი შეკრებებიდან.

გთხოვთ, ის მოარული აზრი, რომ არ არსებობს მსოფლიოში კორონავირუსი, სურდოსავითაა და მალე გაივლის, არაა სწორი. ახალი კორონავირუსი სერიოზული დაავადებაა, მილიონი ადამიანი შეიწირა უკვე და პროგნოზია, რომ მომავალ გაზაფხულამდე, სამწუხაროდ, კიდევ ერთი მილიონი შეეწირება. ის იქნება უფრო მკვლელი, ვიდრე ტუბერკულოზი, შიდსი, მალარია, ჰეპატიტი. ესაა 4 ყველაზე დიდი ინფექციური მკვლელი, მაგრამ კორონა მათ გადაასწრებს. სერიოზული პანდემიაა მსოფლიოში. ამიტომ, დაცვის ერთადერთ საშუალებად, სანამ დამტკიცდება ვაქცინა, რჩება მხოლოდ ეს, ამიტომ გთხოვთ, ვიხმაროთ პირბადე.

ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 7, გამოჯანმრთელდა 159 პაციენტი.

კომენტარები