უმაღლესი სასაწავლებლები

ჩხენკელი: უნივერსიტეტებში სამედიცინო პროტოკოლი დაცულია, დეზინფორმაცია გავრცელდა

გუშინ დაიწყო სტუდენტების საუნივერსიტეტო სივრცეში დაბრუნების პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობების საუნივერსიტეტო სივრცეში ჩატარებას. პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პროცესი, რომელიც გუშინ დაიწყო, მიმდინარეობს ძალიან მშვიდობიანად, რაც მთავარია, სამედიცინო პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით.  

რაც შეეხება არალაბორატორიული და არაპრაქტიკული მეცადინეობების, ლექციების საკითხს, უნივერსიტეტები უფლებამოსილნი არიან, რომ ეს პროცესი დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში აწარმოონ. მთავარი აქ გახლავთ ის, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში ყველა უნივერსიტეტში სამედიცინო პროტოკოლი არის ზედმიწევნით დაცული.  

რასაკვირველია, იგივე ეხება სასკოლო სივრცეს. როგორც იცით, სრულად კონტროლდება სიტუაცია და იმ სკოლებში, სადაც ფიქსირდება კოვიდშემთხვევები, ცხადია, ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციებით, უკვე სიტუაციიდან გამომდინარე ხდება ან ცალკეული კლასის დისტანციურ რეჟიმში გადაყვანა, ან სართულის, ან მთლიანად სკოლის, იქედან გამომდინარე, თუ როგორი სიტუაცია გვაქვს. აქ მთავარია, რომ ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს ბალანსი სასწავლო პროცესის და ყველაზე მნიშვნელოვანის, ადამიანის ჯანმრთელობას შორის. 

[...] როგორც იცით, მთელი რიგი დეზინფორმაციული ამბები გავრცელდა, ყველა უნივერსიტეტში ზედმიწევნით დაცულია სამედიცინო პროტოკოლი. როგორც ჩვენ, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო, ვახდენთ უნივერსიტეტებზე დაკვირვებას. თუ დაფიქსირდება გადაცდომა, ცხადია, იქნება შესაბამისი რეაქცია. 

ამბობს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი. უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა გუშინ, 19 ოქტომბერს განახლდა.

კომენტარები