კორონავირუსი საქართველოში

გახარია: ადაპტაციის ეტაპი, რომელზეც ვართ, ყველა ჩვენგანისგან მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს

ევროპის ბევრ ქვეყანაში დამყარდა ანტირეკორდი და საქართველოშიც ინფიცირების მნიშნელოვანი ზრდა გვაქვს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ადაპტაციის და მართვის ეტაპი, რომელზეც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, მოითხოვს მეტ პასუხისმგებლობას თითოეული ჩვენგანისგან.  

მოგეხსენებათ, რომ საყოველთაოდ ცნობილია, რამდენად ეფექტიანია ელემენტარული ნიღბის ტარება. დღესაც გვქონდა ჩვენ საუბარი ეპიდემიოლოგებთან, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოქალაქეების 90% ატარებს ნიღაბს, ინფიცირების გავრცელება 70%-ით მცირდება. 

გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ვერავინ უფრო ეფექტიანი ინსტრუმენტი ვერ გამოიგონა, ვიდრე ნიღაბი, სოციალური დისტანცია და ელემენტარული ჰიგიენის წესების დაცვა. ამიტომ, ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და დავიცვათ წესები. წინააღდეგ შემთხვევაში, ინფიცირების გავრცელების ზრდა იქნება სწრაფი და მეტ ზიანს მიაყენებს ჩვენს ეკონომიკას და მოქალაქეებს. 

უკეთ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, მეტი პასუხისმგებლობა გამოვაჩინოთ. უნდა ვიზრუნოთ მოხუცებზე, ისინი არიან, პირველ რიგში, რისკის ჯგუფში.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საუბრისას. დღეს, 22 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 595 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 6 ადამიანი. ქვეყანაში, ჯამში, COVID-19-ით ინფიცირების 22 803 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 401 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 178 კი გარდაიცვალა.

კომენტარები