ახალი კორონავირუსი საქართველოში

მეზვრიშვილი: წესების 90%-იანი შესრულებით, ვირუსის გავრცელების ტემპს 70%-ით შევანელებთ

ჩვენ სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ და ვაგრძელებთ იმ სტრატეგიის მიხედვით სვლას, რომელი სტრატეგიის მიხედვითაც ბოლო პერიოდის განმავლობაში მივდივართ, კერძოდ, ვაგრძელებთ ვირუსთან ადაპტაციასა და მის მართვას წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვებით იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავიცვათ ბალანსი - დავიცვათ მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას, რათა პოსტკრიზისულ პერიოდში შევინარჩუნოთ სწრაფი აღდგენის რესურსი. ამ მხრივ, ჩვენ პოზიტიური ტენდენციები გვქონდა და მაქსიმალურად ვცდილობთ ამ ტენდენციების შენარჩუნებას [...]

ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში, როგორც გახსოვთ, მკაცრი რეკომენდაცია გავეცით 3 ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გარე სივრცეში პირბადის ტარებასთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ეს წესი ზედმიწევნით შეასრულონ, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად: რიგებში, გაჩერებებზე, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. ვინაიდან, წესების დაცვა პირდაპირაა დაკავშირებული ვირუსის გავრცელების შენელებასთან. თუ ჩვენ გვექნება 90%-იანი შესრულება წესების, პირბადის ტარების და დისტანციის დაცვის განსაკუთრებით, მაქსიმალურად შევძლებთ, რომ, დაახლოებით, 70%-ით ვირუსის გავრცელების ტემპი შევანელოთ. რაც უფრო მეტად მოხდება წესების დაცვა, ნაკლებად მოგვიწევს ლოკალური და წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება.

ამბობს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ნათია მეზვრიშვილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები