არჩევნები 2020

ხოშტარია: თაობები შეეწირა, რომ თავისუფალი არჩევნის საშუალება გვქონოდა, ამიტომ მივცეთ ხმა

ახლოვდება არჩევნები, დღე, როდესაც მოქალაქეები ანგარიშს სთხოვენ მთავრობას და განსაზღვრავენ მომავალს. არჩევნების დღე არის არა პოლიტიკოსების, არამედ ხალხის, თქვენი დღე, როდესაც უშუალოდ მონაწილეობთ ქვეყნის ბედის განსაზღვრაში.

ეს არჩევნები განსაკუთრებულია, რადგან პარტიების გარდა ვცვლით ქვეყნის მართვის ფორმას. წარსულს ჩავაბარებთ ერთპიროვნულ მმართველობას და შევქმნით მრავალპარტიულ, მრავალფეროვან პარლამენტს. ამ სისტემაში თქვენი ხმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და წონადია. თითოეულ ხმას აქვს შანსი, ასახვა პოვოს პარლამენტში. ამ სისტემაში ყველა პოლიტიკური გემოვნების ადამიანს შეუძლია ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი, ამიტომ არ გავუშვათ ხელიდან ეს შანსი, მივიდეთ უბნებზე და ყველამ გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი.

უნდა გვახსოვდეს - ძალიან ბევრი თაობა შეეწირა იმას, რომ ჩვენ, თავისუფალ მოქალაქეებს, გვქონოდა თავისუფალი არჩევნები და სწორედ არჩევნების გზით განგვესაზღვრა მომავალი. ამიტომ დღეს ჩვენ ყველანი ვართ ვალდებულნი, მივიდეთ არჩევნებზე და განვსაზღვროთ ჩვენი ქვეყნის მომავალი.

წერს ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია Facebook-ზე. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები