კორონავირუსი საქართველოში

კულუმბეგოვი: პრემიერთან საზტრანსპორტის და არასასურსათო მაღაზიების შეზღუდვაზე იყო საუბარი

დიახ, მე ამას ვადასტურებ. მე ვიყავი ამ შეხვედრაზე პრემიერთან და გვითხრეს, რომ, შესაძლოა, იქით კვირაში კიდევ დაგვიძახონ. ეს პაკეტი დავალებადაც კი მიიღეს ფინანსთა მინისტრმა და ვიცეპრემიერმა. მაგრამ, თუ როგორი პაკეტი იქნება, - დამუშავების პროცესი იყო, - ზუსტი ინფორმაცია არ გაჟღერებულა, მაგრამ ეს ასე მოხდება. ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ბევრი დრო არ დაიკარგოს, რადგან დღეს და ხვალ ეს გადაწყვეტილება მაინც იქნება მისაღები, რომ ჯანდაცვამ ცოტა ამოისუნთქოს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი...

ამბობს პალიტრანიუსთან საუბარში ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი პრემიერმინისტრთან შეხვედრის შესახებ. მას წამყვანმა ჰკითხა, გიორგი გახარიასთან ჯანდაცვის სექტორის შეხვედრისას განიხილეს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის და არასასურსათო მაღაზიების გაჩერების საკითხი. კულუმბეგოვის თქმით, "მე, როგორც ექიმი, ვარ მომხრე, არაესენციალური სავაჭრო ობიექტები შეიზღუდოს. არაესენციალურში ძირითადად იგულისხმება ის ობიექტები, რომელიც არ არის სურსათთან და აფთიაქთან დაკავშირებული. ტრანსპორტთან ძალიან ჭკვიანურად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ან კონტროლი უნდა გავამკაცროთ. ავტობუსში ასული ადამიანების რაოდენობა უნდა შევამციროთ და შეიძლება, საერთოდ მის გაჩერებაზე უარი ვთქვათ". საქართველოს მთავრობის მტკიცებით, მკაცრი ლოკდაუნი არ იგეგმება და ე.წ წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგია აქვთ.

კომენტარები