ვარდების რევოლუცია

ჭიაბერაშვილი: ვისთვისაც ვარდების რევოლუციის იდეოლოგია ძვირფასია, დანებების უფლება არ აქვს

"ვარდების რევოლუციამ" გააჩინა რწმენა, რომ კოლექტიურად, ერთობლივი ძალისხმევით პრობლემების გადაჭრა შეგვიძლია. სახელმწიფო ინსტიტუტები სხვა არაფერია, თუ არა პრობლემების გადაჭრის კოლექტიური მექანიზმები.

მაგალითად, "ვარდების რევოლუციამდე" ჩვენ ყველა ცალ-ცალკე ვჩალიჩობთ ჩვენი დენის წყაროს - ვჭიმავთ "ლევ" კაბელს უახლოესი პურის ქარხნიდან ან საავადმყოფოდან, ვყიდულობთ "დვიჟოკს", თუ 2 "კაპიკი" გვრჩება სხვა "ჩალიჩის პონტიდან" და ა.შ. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დენის პრობლემა იჭრება კოლექტიური ძალისხმევით, ანუ სახელმწიფოს მიერ თავისი ფუნქციის - კორუფციის აღმოფხვრა და საბაზრო მექანიზმების ამოქმედება - ადეკვატური შესრულებით.

ივანიშვილი მოვიდა ლოზუნგით, რომელიც ყველაზე ახლოს დგას "ჰომო სოვეტიკუსის" ცხოვრებისეულ იდეოლოგიასთან, მაგრამ რომელიც გაცილებით ძველია და რომელსაც ილია ჭავჭავაძე "გათითოკაცებას" უწოდებდა. ივანიშვილმა თქვა: "ვიხილე ადამიანის თვითგადარჩენის ინსტინქტის მოქმედების მექანიზმი".

ეს მექანიზმი სხვა არაფერია, თუ არა "ჩალიჩის" იდეოლოგიის აღდგენა, რომელიც თანდათან ანაცვლებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, როგორც ჩვენი კოლექტიური ძალისხმევის მექანიზმებს. შეგხვდა კორონა? სისტემა კი არაა მწყობრში, შენ უნდა "იჩალიჩო", რომ გადარჩე.

ამიტომაცაა, რომ რაც ყველაზე მეტად ძულს ქოცს, ეს "ვარდების რევოლუციაა", რადგან "ვარდების რევოლუციის" იდეალები საფუძველში ეწინააღმდეგება "ჩალიჩის", "გათითოკაცების", ერთმანეთისადმი უნდობლობის, ჭაობის იდეოლოგიას.

ვისთვისაც "ვარდების რევოლუციის" იდეოლოგია ძვირფასია, ამ ბრძოლაში დანებების უფლება არ გვაქვს.

"ვარდების რევოლუციის" მე-17 წლისთავს გილოცავთ!

Facebook-ზე წერს ევროპული საქართველოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი. ვარდების რევოლუციიდან 17 წელი გავიდა.

კომენტარები