კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ჩემს ოჯახზე ხორციელდება წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან

არ შემიძლია, ეს ფაქტი დავტოვო გამოხმაურების გარეშე. მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის ასეთი რთული ვითარება და, ალბათ, ყველანი ვხვდებით, რომ ყველაზე რთულ ვითარებაში დღეს იმყოფება ჯანდაცვის სამინისტრო, ჩემს ოჯახზე ხორციელდება გარკვეული წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან. ვთვლი, რომ ნამდვილად არასწორია.  

მე ვიაზრებ იმას, რომ მე ვარ საჯარო პირი და, შესაბამისად, ჩემს მიმართ დასმული ნებისმიერი კითხვა, რა თქმა უნდა, უნდა იქნეს პასუხგაცემული. მაგრამ მაშინ, როდესაც ეს ეხება ჩემს ოჯახის წევრებს და ჩემს შვილებს, ვთვლი, რომ ეს არის დასაგმობი და დაუშვებელი. 

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დღესაც მიმდინარეობს ეს ზეწოლა ჩემს ოჯახზე და დღეს ჩემს ოჯახს აქვს საკმაოდ რთული დღე, ვინაიდან გარდაცვლილი არის ჩემი ერთ-ერთი ოჯახის წევრი და მიუხედავად ამისა, ჟურნალისტები არ ერიდებიან ოჯახის ამ მდგომარეობას და კვლავ აგრძელებენ მორალურ ზეწოლას ჩემს ოჯახზე. 

არ ვეხმაურები არცერთ სიუჟეტს, რომელიც გავრცელდა, ვინაიდან პატივს ვცემ ჟურნალისტების სიტყვის თავისუფლებას და საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი, მაგრამ ის, რაც დღესდღეობით მიმდინარეობს, ეს ნამდვილად არის დასაგმობი საზოგადოებისგან და დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამას შესაბამის პასუხს გასცემს...

თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

კომენტარები