გია ნოდია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ

თუ ბიძინა ივანიშვილი მართლა წავიდა, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სამი სცენარი:

1. იმპერატორ დიოკლეტიანის სცენარი: იმპერატორმა თავისი საქმე გააკეთა და გადადგა, რის შემდეგაც, როგორც ამბობენ, უმეტესად თავისი ბაღჩის მოვლით იყო დაკავებული. ძირითადი განსხვავება ჩვენს შემთხვევასთან: ხსენებულმა იმპერატორმა 31 წელი მართა და ისტორიკოსთა შეფასებით, ბევრიც მოასწრო.

2. ივანე მრისხანის სცენარი: ბოიარების ქცევით გაბეზრებული მეფე მიდის, რათა შემდეგ იგივე ბოიარები მუხლებზე ჩოჩვით შეევედრონ, დაბრუნდიო. დაბრუნების სანაცვლოდ კი მეფე მეტ მორჩილებას მოითხოვს. ანალოგიური რამ ვნახეთ დაახლოებით ოცი წლის წინ თბილისში, როცა ხალხი მუხლებზე დაუდგა გადამდგარ ედუარდ შევარდნაძეს; ისიც დაბრუნდა და ამ მანევრით "მხედრიონზე" პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. ძირითადი განსხვავება ჩვენს შემთხვევასთან: ივანიშვილს თითქოს მისი გარემოცვა არ ეურჩება, ამაზე მეტი რაღა ქნან?

3. დენ სიაო-პინის სცენარი: 1992-97 წლებში ჩინეთის რეფორმების მთავარ არქიტექტორს ოფიციალური თანამდებობა არ ეკავა, მაგრამ რეალურად სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღრელად ითვლებოდა. ძირითადი განსხვავებები ჩვენს შემთხვევასთან: ფორმალურ გადადგომამდე დენი დიდხანს იყო ხელისუფლებაში და უმნიშვნელოვანესი რეფორმები განახორციელა. მისი არაფორმალური ძალაუფლება ამ რეფორმებით მოპოვებულ ავტორიტეტს ეყრდნობოდა და არა მის პირად ფინანსებს.

ამ სამიდან რომელს აპირებს ბიძინა ივანიშვილი გადადგომის შემდეგ (თუ, რა თქმა უნდა, ესტონურ გაზეთს არ დაბრალდა მისი სიტყვების არასწორად გაგება)? როგორც მინიმუმ, ვალდებულია, რომ ესეც ახლავე გვითხრას. ქვეყნისთვის კარგი არც ერთი არ არის, თუნდაც პირველი ვარიანტი, რადგან მეოცნებე კოალიცია თავისი ლიდერის გარეშე ქმედუნარიანი არ არის და ღმერთმა იცის, მასში რა ამბები დატრიალდება. თუმცა, უკვე ის, რომ თავადვე იცის, ვინ ეყოლება მემკვიდრედ, მიანიშნებს, რომ დენ სიაო-პინობას აპირებს, ანუ უნდა ძალაუფლება პასუხისმგებლობის გარეშე. რეალურად რა გამოვა ამ ყველაფრიდან, ეს უკვე სხვა ამბავია.

კომენტარები