გორდაძე: მადლობა მათ, ვინც მენდო და ვისთან ერთადაც ვიმუშავე ასოცირებაზე

ვუერთდები ზოგად მხიარულებას და ყველას გილოცავთ ამ დღეს. ერთი ამბავი მახსენდება სულ როცა ამ შეთანხმებაზე ვფიქრობ. არც ემოციური ვარ და არც რომანტიკოსი, მაგრამ მომინდა ამ ამბის მოყოლა 2010 წლის ივნისია და საფრანგეთში ცხოვრების მე-20 წლის თავზე ვიღებ მოულოდნელ შეთავაზებას საქართველოში დავბრუნდე ასოცირების ხელშეკრულების მთავარ მომლაპარაკებლად. ვფიქრობ, გული მიმიწევს, მაგრამ სამაგიეროდ მომიწევს საყვარელ სამსახურზე უარის თქმა, ფრანგული კარიერა თავდაყირა დგება და ა.შ.... საღამოს 80 წლის ჩემი ყოფილი პროფესორის, რემონ არონის ყველაზე ახლო მოწაფის პიერ ჰასნერის სახლში ვარ და წასვლის წინ ვეუბნები წინადადების შესახებ, მგონია მირჩევს უარი ვთქვა, რადგან წმინდა სისხლის აკადემიკოსია და პოლიტიკას ეჭვის თვალით უყურებს. მიბრუნდება და მეუბნება: 15 წლის ვიყავი რომ რუმინეთი დავტოვე, აღარ დაგვედგომებოდაო (გასაბჭოების დროს), დაახლოებით შენი ასაკისო. დღეს ვარ 80 წლის და ყველაფერს მივაღწიე აკადემიურ სფეროში, მსოფლიო აღიარება, საუკეთესო უნივერსიტეტბეში პროფესორობა და ა.შ.. ერთი რამ ვერ მომინელებია, ის რომ ჩემი ქვეყნისთვის დიდი არაფერი გამიკეთებია და კომუნისტები ჯიჯგნიდნენ 45 წელიო. უარი არ თქვა, თორემ მთელი ცხოვრება ინანებო. ბოლოს დაამატა, ერთი ჩეხი კოლეგა გვყავდა და მასაც უნდოდა პოლიტიკაში ბედი ეცადა და არ ვურჩიეო. მაშინ მე რას მერჩითქო ვკითხე სიცილით. ჩეხეთი სამშვიდობოსაა გასული, ევროკავშირშიც არიან და NATO-შიც, საქართველო კიდევ ბედის სასწორზეაო, მიდი, იბრძოლეო ...არ ვიცი 80 წლის ასაკში რას ვინანებ, მაგრამ მადლობა პიერს და იმ ადამიანებს ვინც მენდო, ჩემთან ერთად იმუშავა დაუღალავად და ქვეყნისთვის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთა.

თორნიკე გორდაძე იხსენებს, როგორ და რატომ დათანხმდა გამხდარიყო ასოცირების ხელშეკრულებაზე მთავარი მომლაპარაკებელი

კომენტარები