სტიქია თბილისში

ბოკერია: თანადგომის მუხტი მთავრობის უნიათობამ და დაბრალების პოლიტიკამ მოწამლა

მინდა შევუერთდე მადლიერებას იმ ადამიანების მიმართ, იქნება ეს მაშველები, პოლიციელები, ჯარის წარმომადგენლები თუ ჩვეულებრივი მოქალაქეები, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა ხალხი ან ეხმარებოდა მათ. მათ შორისაც არის მსხვერპლი. უკვე ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ ის, რასაც ყველანი ძალიან დადებითად ვაფასებთ, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობა გამოჩნდა ძალიან აქტიურად ჩვენს საზოგადოებაში, ვგულისხმობ რა თქმა უნდა, მოხალისეებს, მათ ინიციატივას, თვითორგანიზებულობას. საერთოდ, ეს ატმოსფერო, ერთმანეთის მიმართ თანადგომის და მათ შორის იმ მთავრობის მიმართ, ვინც არის ჩვენ მიერ არჩეული მთავრობა, იმისდა მიუხედავად, ვის ვინ მოსწონს. ეს არის ნორმალური, თავისუფალი საზოგადოების ჯანსაღი რეაქცია. ეს ასეც უნდა იყოს. ჩვენი დამოკიდებულებაც, როგორც ორგანიზებული პოლიტიკური ძალის, როგორც მთელი საზოგადოების, ასეთივე იყო პირველივე დღიდან. აქ რამე მოსაწონი კი არ არის ჩვენი მხრიდან, ეს არის ნორმალური რეაქცია. ეს ატმოსფერო გააფუჭა და მოწამლა ორმა რამემ. თავიდანვე საგანგაშო სიგნალმა, რომ მთავრობის პრიორიტეტი იყო თითის გაშვერა, ამაზე ხარჯავდნენ რესურსს და დროს სრულიად უპასუხისმგებლოდ, სიცრუით და ძალიან ბინძურად, მაგრამ თავისთავად ის, რომ თითის გაშვერა ჰქონდათ თავში პირველ აზრად. და მეორე, რაც უფრო მთავარია, აბსოლუტურად ზღვარგადასული უნიათობა, არაორგანიზებულობა, სრული არაკოორდინირებულობა და უტიფრობა. ვწუხვარ, რომ ეს სიტყვა უნდა ვიხმარო, მაგრამ სხვა სიტყვა თავში არ მომდის.

 

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია თბილისში 13 ივნისს მომხდარ სტიქიურ უბედურებაზე საუბრისას

კომენტარები