ლარის გაუფასურება

ჯაფარიძე: ამ მთავრობას ეკონომიკის შესახებ არქაული, საბჭოთა წარმოდგენები აქვს

ამ მთავრობას წარმოუდგენია, რომ საქართველო არის სტატიკურ მდგომარეობაში გაშეშებული ქვეყანა, რომლის გარშემო რაღაცები იცვლება და თუ ეს გარშემო ცვლილებები იქნება პოზიტიური, ჩვენც კარგად ვიცხოვრებთ, ხოლო თუ ეს გარშემო ფაქტორები ნეგატიური იქნება, რა ვქნათ, ჩვენც პრობლემები გვექნება და ხომ ხედავთ, ლარს რაც დაემართა. ეს არის არქაული წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის ეკონომიკური პოლიტიკა. ჩვენ კრიზისში სრულიად მოუმზადებლები შევედით, იმის საწინააღმდეგო პოლიტიკით, რაც უნდა გაგვეტარებინა. პირველი მთავარი შეცდომა ის იყო, რომ მან არ შეამცირა დაგეგმილი გადასახადები. ჩვენ ამ კრიზისში ინვესტიციებისთვის უფრო მიმზიდველი პირობებით უნდა შევსულიყავით. მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო კრიზისს ნეგატიური გავლენა აქვს, თუ ჭკვიანი ხელისუფლება ხარ, ამის პოზიტიურად გამოყენება შეიძლება. როდესაც ჩვენ გარშემო ყველგან არის კრიზისი, ეს ნიშნავს, რომ იქიდან ხდება კაპიტალის გადინება. ჩვენ შეგვეძლო შეგვექმნა კარგი პირობები, რომ ეს კაპიტალი სხვაგან არ წასულიყო და საქართველოში შემოსულიყო. ის წარმოდგენაც, რომ საქართველოს სხვა არაფერი შეუძლია, გარდა იმისა, რომ ვაწარმოოთ ვაშლი და ყურძენი, ესეც არის არქაული, საბჭოთა წარმოდგენა, ეს ხელისუფლება იქ არის ჩარჩენილი. ეს არის გასაკეთებელი, რომ საქართველოდან ევროკავშირში გავიდეს ისეთი პროდუქტები, რომელთა ტრანსპორტირებაც აქედან ევროპამდე უფრო იაფი დაჯდება. ვიღაცა მთავრობაში უნდა დაჯდეს, ნახოს, ევროკავშირის იმპორტი რა არის და ეცადოს, რომ ისეთი ინვესტიციები მოიზიდოს საქართველოში, ოღონდ აქ უნდა შეუქმნას პირობები.

ახალი პოლიტიკური ცენტრის წევრი და დეპუტატი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში, ლარის გაუფასურებაზე.

კომენტარები