ყოფილი პოლიციელის ვიდეომასალა

ბოკერია: პრობლემების ძირი ივანიშვილი და მისი მმართველობაა

პირველ რიგში, ამ ვითარების მსხვერპლი არიან, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი მოქალაქეები, მაგრამ ასევე რიგითი პოლიციელები, რომლებსაც აიძულებენ, რომ ეს ყველაფერი აკეთონ. ჯამში, მთავარი მსხვერპლი არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. ივანიშვილმა შექმნა ძალიან სახიფათო სისტემა, სადაც მთელი სახელმწიფო აპარატი ემსახურება პირადად მას პირველ რიგში. ის ნიშნავს საყვარელ დისშვილებს, პირად თანაშემწეებს თანამდებობებზე. შემდეგ უკვე ქვემოთ, უფრო მცირე მასშტაბით, იგივე ხდება ღარიბაშვილის დონეზე, მერე ეს ჩამოდის იზორიას დონეზე და ასე გრძელდება. მთელი სახელმწიფო მანქანა საქმის კეთების, მოქალაქეების ინტერესების დაცვის ნაცვლად, ემსახურება ივანიშვილის კლანს და ამის შედეგია გაზრდილი კრიმინალი, ყოველდღე ძარცვა და მკვლელობები, დანგრეული ეკონომიკა, ლარის ამბავი, გაზრდილი სიღარიბე და ყველაფერი. ეს არის ძირი. ივანიშვილის მმართველობა და პერსონალურად ივანიშვილი არის ძირი ამ პრობლემის.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია. გუშინ ყოფილმა პოლიციელმა ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფიგურირებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის ლევან იზორიას ძმა, რომელიც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა. როგორც ვიდეომასალაში ჩანს, იზორიას ძმა მას დარღვევის უფლების მიმნიჭებელ საშვს აწვდის, რომლის საფუძველზეც პატრული იძულებული ხდება, ის გაუშვას. ამის შემდეგ, იზორიას ძმა თავისუფლად აგრძელებს გადაადგილებას.

კომენტარები