რუსული კანონი

ხუნდაძე: უცხოეთმა ანტიქართული განათლებით გაანადგურა ის ახალგაზრდობა, ვინც რუსთაველზე თეთრ ბაირაღებს აფრიალებს

რამდენიმე დღეა ვუყურებთ რუსთაველზე აქციებს და გაოგნებული ვართ იმით, რომ თუკი წინათ ახალგაზრდობა საქართველოს თავისუფლებისათვის იბრძოდა, დღეს პირიქითაა, მათი ერთი ნაწილი ქვეყნის სუვერენული უფლებების აღიარებას აპროტესტებს. დაიცვა შენი სახელმწიფო უცხოური ფულით უცხო ქვეყნების ჩარევისგან, სხვა არაფერია, თუ არა შენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარება და განმტკიცება.

ამ აქციებს თეთრი დროშები მოუხდებოდა ლოზუნგით - “ჩვენ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს ვაბარებთ სხვას". გარდა იმ სამიათასი ახალგაზრდისა, რომლებსაც შავი ფულით წლების მანძილზე რევოლუციისთვის ატრენინგებდნენ, დანარჩენ ახალგაზრდობას არა აქვს გააზრებული, თუ რა ანტისახელმწიფოებრივ საქმეს აკეთებინებენ აქციებში მონაწილეობით. მათი მოტყუება ძალიან ადვილია ანტირუსული ლოზუნგებით, მაგრამ სინამდვილეში ხომ ყველამ ვიცით, რას მალავენ ამ ლოზუნგის უკან?

პოლიტიკაში არსებობს დანაშაული და ასევე, მიუტევებელი დანაშაული. დღევანდელი ოპოზიციის ქმედება სწორედ რომ მიუტევებელი დანაშაულია. ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ფარად გამოიყენო მოტყუებული ახალგაზრდობა - ამაზე დიდი ღალატი არ არსებობს. საბედნიეროდ, ეს საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილია, თუმცა, ის მცირედიც ჩვენი შვილებია, რომლებიც დასაღუპად არ გვემეტებიან.

რასაც ამ დღეებში ვხედავთ, მძიმე სანახავია. უცხოეთმა ანტიქართული განათლებით გაანადგურა ჩვენი ახალგაზრდობის ის ნაწილი, ვინც დღეს რუსთაველზე თეთრ ბაირაღებს აფრიალებს სხვა ქვეყნისთვის საქართველოს ჩაბარების მიზნით.

წერს პარტია ხალხის ძალის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებთან დაკავშირებით.

კომენტარები