რუსული კანონი

Politico: კონგრესში ოცნების დეპუტატების სანქცირების კანონპროექტს დღეს წარადგენენ

REUTERS/Tom Brenner/File Photo

აშშ-ს კონგრესში დღეს წარადგენენ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის აქტივების გაყინვას და სავიზო აკრძალვებს ითვალისწინებს, რომლებმაც რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონს მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას გამოცემა Politico წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კანონპროექტის დრაფტი, რომელსაც Politico გაეცნო, მმართველ პარტიას აფრთხილებს და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება "მზარდად და სამწუხაროდ დაკავებულია რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკის შეთანხმებით". ამავდროულად, დრაფტში ხაზგასმულია, რომ თბილისი "ღიად თავს ესხმის აშშ-ს და სხვა დასავლური დემოკრატიის ხელშემწყობ ორგანიზაციებს, ისევე როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებას, პარალელურად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთთან და ჩინეთთან".

Politico წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი კონგრესს კანონპროექტს ორშაბათს წარუდგენს. კანონპროექტი მოითხოვს, რომ სახელმწიფო მდივანმა კონგრესს წარუდგინოს ანგარიში არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიის, ელიტური კორუფციის, სანქციების თავიდან აცილების და რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის აქტივების შესახებ საქართველოში.

"დემოკრატიის დაცვისკენ გადასადგმელი ნაბიჯების ფარგლებში კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და იმ პირების მიმართ, რომლებსაც არსებითი პასუხისმგელობა გააჩნიათ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა ან საქართველოს უსაფრთხოების დარღვევასა და ძირის გამოთხრაში. კანონპროექტი მოიცავს სავიზო სანქციებს იმ პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების წევრების მიმართ, რომლებიც არიან პასუხისმგებელი რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის მიღებაში". - აღნიშნავს გამოცემა.

სანქციები ასევე შეეხება სამართალდამცველებსა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობდნენ უცხოეთის აგენტების კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციების ჩახშობას. "ხელისუფლებამ ქუჩაში გამოსულ ათობით ათასს ადამიანს ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლით და აქტივისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ცემითა და დაკავებით უპასუხა".

კომენტარები