პირველი ქართული რეკლამები

მასალების მომზადებისას გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდი ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელს, ნინო გედენიძეს

რეკლამაა რაცაა, ჩემსავით იცით. ეგებ უკეთაც. ერთმა ფრანგმა მწერალმა მას მეოცე საუკუნის მეტასტაზი უწოდა, ოღონდაც კეთილ თუ ავთვისებიანი ელჩი – ვისთვის როგორ. თუმცა სარეკლამო ან თითქმის სარეკლამო ტექსტები გაცილებით ძველი ამბავი გახლავთ, მეტასტაზი კი შეუჩერებელია – ის ოცდამეერთსაც გადმოედო და ინტერნეტი შთანთქა. მსოფლიო მსოფლიოდ და ერთობ ქართული რამ გამოდგა ეს რეკლამა – ეჭვიც არ მეპარება, ცხადად უნდა გახსოვდეთ მისი პირველი ტელეჩანასახები – სხვათა ვიდეორგოლების თარგმანები – იუპი და ბარფი და არიელი და ძმანი და დანი მისნი. მერე ესენი გამრავლდნენ და მთლად გაქართველდნენ. თუმცა რეალურად ესეც ძველი ამბავი გახლავთ. აი, როგორ დაიწყო:

 პირველი ქართული რეკლამა, რომელიც სამამულო პერიოდიკის პულსზე ისინჯება. 1861 წელს გამოდიოდა ამგვარი სასოფლო-სამეურნეო გაზეთი „გუთნის დედა”. გუთნის დედის, ახალმეტყველებით რომ ვთქვათ „ქავერ-ფოტო” კი, არც მეტი, არც ნაკლები, იმპორტული საქონელი იყო – დღეში ცხრა თუნგის მომწველი ფლამანდრული ძროხა. მანდ ეტყობა

ხალხის დაინტერესების გზებიც კარგად იცოდნენ, მართალია საკმაოდ ბუნდოვანი ხერხით, მაგრამ მაინც – დაწვრილებით აღწერას „თავის დროზე” გვთავაზობდნენ.

 მეცხრამეტე საუკუნემ ამ თვალსაზრისით ჩვენსას დიდი ვერაფერი სიტყვა თქვა. აი, მეოცის დასაწყისში კი რეგიონულ პრესასაც შეეპარა სარეკლამო გვერდები. გაზეთ „იმერეთის” 1913 წლის 30 ივლისის ნომერში აბანოში განსაბანდად გვეპატიჟებიან და იქვე გვთავაზობენ სხვადასხვა სახის „მაშინებს” – საკერავს თუ საწერს, ოღონდ ეშმაკისას არა – ეშმაკის მანქანის – ავტომობილის ქალაქი ქუთაისი მოგვიანებით გახდა. ამ საოცარმა ქალაქმა ოსტატურად აითვისა სარეკლამო ხელოვნება. თითქმის ყოველ ნომერში გვხვდება ფეხსაცმლის თუ აბრეშუმეობის რეკლამა, მინაწერებით – „ფასები სხვებთან შედარებით დაკლებულია” ანაც „ფასები შეუვაჭრებლათ” („განსაკუთრებით ქალების კასტიუმებისთვის”).

 

ეს სლავური სექსუალობისკენ სწრაფვა დეკლარირებულად ჩვენსას მეოცის დასაწყისში დაწყებულა. ხუმრობაგაშვებით ვამბობ. აბა, რა დავარქვათ ერთ შეფარულ, მაცდურ სარეკლამო განცხადებას – „სლავიანსკი ნომრები” – ყოველის მხრით მორთული, სუფთა, წმინდა (? – გ.კ.) და გაწყობილია, როგორც ოჯახისთვის, აგრეთვე უცოლ-შვილოთათვის”. თავი მომჭერით თუ ეგ „ოჯახებისთვის” სულ ტყუილად მოგონილი ფანდი არ იყოს და მანდ სულისთვის მავნებელი ამბები ტრიალდება. მით უფრო, იქვე მოფარფატე კუპიდონი მიუხატია „პატივისმცემელ დიმიტრი ხუნდაძეს”.

ასე განსაჯეთ, ყველაზე ბევრ რეკლამას გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალში დაძებნით. ანგელოზებთან მოჩურჩულე და არაჩვენებურ სიზმრებს მიყურადებული კაცი, მართლაც რომ მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის ყველაზე დიდი გენიოსი, მიუხედავად გარეგნული დაბნეულობისა, კარგად ფლობდა პიარისა და, როგორც აქედან ჩანს, მარკეტინგის ილეთებსაც. აი, იხილეთ, თუ რა სახის რეკლამები იბეჭდებოდა მის ჟურნალში – სარძეო მაღაზიის, აუზის, ცენტრალური სავაჭრო სამმართველოს და სხვათა და სხვათა. მოკლედ, ბიზნესი და დესაკრალიზაცია თუ გნებავთ, ეს იყო. მე კი დროებით გემშვიდობებით, სარეკლამო ჭრაზე გავდივარ და მალე ახალი მასალებით დაგიბრუნდებით.

კომენტარები