აი ია

ჩვენ – პუბლიცისტები, მწერლები, ჟურნალისტები – ბევრს ვწერთ და ვლაპარაკობთ იმაზე, რომ საზოგადოების არაადეკვატურობა ევერესტამდეა ასული. ამას ხან სერიოზულად ვაკეთებთ და ხანაც ირონიულად, ვეძებთ მიზეზებს და გამოსავალს, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალიან ბევრს, უბრალოდ, არ ესმის, რას ვწერთ და რას ვლაპარაკობთ.

ამიტომ, შემოვდივარ წინადადებით – სამოქალაქო საზოგადოების შექმნისთვის საჭირო ანბანით დავიწყოთ ურთიერთობა. მარტივად და პრიმიტიულად, ნუ მოგვერიდება ამის.

  • რაც უფრო სწრაფად წავიკითხავთ თხა და გიგოს, მით მალე გავიგებთ, რა არის კარგი და რა – ცუდი...
  • კარგია, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ხშირად ეუბნებიან – გამარჯობა, ნახვამდის, გმადლობ, რა კარგად გამოიყურები, თუ შეიძლება, მიყვარხარ, მომწონხარ, უკაცრავად, მენატრები.
  • ბოღმა, აგრესია, ფარისევლობა, უპატივცემულობა და ზიზღი ძალიან ცუდია.
  • ქუჩაში ფურთხება, თან ასეთი სიხშირით და ენერგიულობით, სირცხვილია. კიდევ უფრო საძაგელი სანახავია, ცხვირის უცხვირსახოცოდ, ჰაერში გატყორცნით მოხოცვა. ასე არავინ იქცევა დედამიწის ზურგზე.
  • რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ – ეს ტყუილია. ქართველები მაგრები არ ვართ. ჯერჯერობით.
  • ბანაობა კარგი და აუცილებელი გახლავთ.
  • წვერგაპარსული კაცი გაუპარსავზე უფრო კარგი შესახედავია.
  • მძღოლებო, გაატარეთ ფეხით მოსიარულეები. ფეხით მოსიარულეებო, ნუ იბნევით, როცა მძღოლი გატარებთ და ცოტა სწრაფად გაიარეთ.
  • ფერადი ტანსაცმელი არ „ტეხავს". პირიქით.
  • ცეკვა სირცხვილი არ არის.
  • მარიხუანის მომხმარებლები ნარკომანები და კრიმინალები არ არიან.
  • კინოთეატრში და თეატრში ტელეფონი უნდა გამოვრთოთ, ან ჩავუწიოთ.
  • რუსეთი ოკუპანტია. ოკუპანტი ცუდია. ანუ რუსეთი ცუდია.
  • მსოფლიოში არსად სვამენ ამდენ ღვინოს და ამდენ ხანს, ეს არაა ნორმალური.
  • სტალინი ძალიან ცუდი ადამიანი იყო.
  • ქართველობა და მართლმადიდებლობა სინონიმები არ არის. საქართველოში სხვა რელიგიების მიმდევრებიც ცხოვრობენ და მათი შევიწროება, ლანძღვა და ცემა სასტიკად აკრძალულია.
  • ანაფორიანი ადამიანი, რომელიც იგინება, იწყევლება და ირტყმევინება, მღვდელი არ არის. ის ბანდიტია.
  • სექსი ბუნებრივი მოვლენაა. სექსი სასიამოვნოა.
  • როდესაც ვიღაც კაფეში ან რესტორანში შემოდის, ყველა ნუ უყურებთ, უზრდელობაა.
  • მიმტანი, ტაქსის მძღოლი, კონტროლიორი, გამყიდველი, მეწაღე, დალაქი... ამ პროფესიის ადამიანები თქვენ გემსახურებიან, ამიტომ ზევიდან ნუ უყურებთ, არაფრით სჯობიხართ.
  • მიმტანი, ტაქსის მძღოლი, კონტროლიორი, გამყიდველი, მეწაღე, დალაქი... ამ პროფესიის ადამიანებო, წესიერად მოემსახურეთ კლიენტებს, ნუ გეზარებათ ეს და ნუ ჩხუბობთ უჟმური სახეებით.
  • ქრისტიანების ღმერთს იესო ჰქვია. არა ილია, არა იობი, არა იაკობი, არა შორენა და არა ფრანსისკო.
  • ქართველი „გეიები" არსებობენ.
  • სწავლა, სწავლა და სწავლა.
  • ადამიანები, რომლებიც ლაპარაკობენ ეკლესიაში არსებულ ნაკლოვანებებზე, ეკლესიას არ ებრძვიან. ვინც არ ლაპარაკობს, ის ებრძვის.
  • ქართველი პოლიტიკოსების უმეტესობა არა ქვეყანაზე, არამედ ფულზე და გავლენაზე ფიქრობს.
  • ნუ უპიპინებთ პატარა მანქანებს მაშინ, როცა გრანდიოზულ ჯიპებს ამას ვერ უბედავთ. საერთოდ, ნუ აპიპინებთ, უკულტურობაა.
  • უცხოელებს, რომლებიც აქ ჩამოდიან და ბიზნესს იწყებენ, საქართველოსთვის ცუდი არ უნდათ.
  • სამსართულიან სუფრებზე გაჭირვებულების სადღეგრძელოს დალევა და მეორე დღეს ნახევარი სუფრის ნაგავში გადაყრა, არაადამიანური საქციელია.
  • მას შემდეგ, რაც ადამიანი სრულწლოვანი გახდება, ბავშვი აღარაა.
  • სლავი ქალები ქართველ კაცებზე არ გიჟდებიან.
  • ნაგვის ქუჩაში დაყრა არ შეიძლება. არც მანქანიდან გადაგდება. არც სადარბაზოებში მოშარდვა. ეს სიღორეა.
  • რაც უფრო ხშირად გავუღიმებთ ერთმანეთს, მით უკეთესი.
  • საქართველოს ის ისტორია, რომელიც ჩვენ ვიცით, ზღაპრებითაა სავსე და ძალიან ბევრი ინფორმაცია აკლია.
  • რელიგიური მოტივებით პატარა ბეკეკასთვის ყელის გამოღადვრა ვანდალიზმია.
  • არსებობს არა ორი, არამედ ერთი რუსეთი.
  • თუ NATO-ში შევალთ, ვერავინ ვეღარაფერს გაგვიბედავს. ამიტომ NATO ძალიან კარგია.
  • ქართველობას არ გვართმევენ. არავის სჭირდება.
  • მარხვაზე ყოფნა ხორცეულის არჭამას არ ნიშნავს.
  • მსახიობი, რომელიც კამერის წინ შიშვლდება, ბოზი არ არის.
  • ქართველი ექსპერტების და ჟურნალისტების სრული უმრავლესობა აბსოლუტურად უინტელექტო და უცოდინარია.
  • წინადადება – რა სექსუალური ხარ – კომპლიმენტია და არა შეურაცხყოფა.
  • ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, ვინც საქმეს კარგად აკეთებს, დასაფასებელია.
  • კაი ბიჭის დაც ადამიანია.
  • უფასო არაფერი ვარგა.
  • თავისუფლება არა ლომთა, არამედ ადამიანთა ხვედრია.
  • 2x2=4

კომენტარები