დღის ფოტო

AND THEN WE DANCED-ის დაწყებამდე კინოთეატრებში სამართალდამცველები არიან მობილიზებულები

Facebook/ Levan Jgerenaia

ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" დაწყებამდე კინოთეატრებთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული, რადგან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ძალადობრივი დაჯგუფებები პრემიერის ჩაშლით იმუქრებოდნენ. 

ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას არ დაუშვებს. მაყურებლების კინოთეატრებში არ შეშვებით იმუქრება გურამ ფალავანდიშვილიც. ძალადობრივი ჯგუფების კიდევ ერთი ლიდერი, ლევან ვასაძე კი აღნიშნავს, რომ გაწევენ პოლიციელებს, შევლენ საოპერატოროში და ფილმის ჩვენებას გათიშავენ. აქციაზე ყოფნას აანონსებს სასულიერო პირების ნაწილიც.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, "დაიწყო დიდი შეტევა ეკლესიაზე და ეროვნულ ფასეულობებზეც". საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ლევან აკინის ფილმის საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას "ყოვლად მიუღებლად" მიიჩნევს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საქარტველოს კინოთეატრებში ჩვენების დროს დაიცავს, როგორც უსაფრთხოებას, ასევე, გამოხატვის თავისუფლებას.

ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები. 

კომენტარები