ღვინის ექსპორტი

ქართული ღვინის ექსპორტი 50%-ით შემცირდა

agenda.ge

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 41 ქვეყანაში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება $65 მილიონს შეადგენს, რაც 2014 წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 50%-ით ნაკლებია. ექსპორტირებული ბოთლების რაოდენობა კი 24 მილიონს (0,75 ლ) შეადგენს, რაც გასული წლის მაჩვენებელს 44%-ით ჩამორჩება. ექსპორტის შემცირება ღვინის უმსხვილეს ბაზრებზე, რუსეთსა და უკრაინაში, არსებულ ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება, რის გამოც ამ ქვეყნებში ღვინის გადატვირთვები 60%-ით შემცირდა.  

რუსეთი ექსპორტის შემცირების მიუხედავად, ქართული ღვინის მთავარ ბაზრად რჩება. ღვინის ექსპორტის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

  1. რუსეთი - 12 508 086 ბოთლი (0,75 ლ)
  2. ყაზახეთი - 3 442 296 ბოთლი (0,75 ლ)
  3. უკრაინა - 2 149 471 ბოთლი (0,75 ლ)
  4. ჩინეთი - 1 517 843 ბოთლი (0,75 ლ)
  5. პოლონეთი - 1 112 118 ბოთლი (0,75 ლ)

კლების მიუხედავად ზოგიერთ ბაზარზე გადატვირთვების მატებაც ფიქსირდება. ჩინეთში ქართული ღვინის გადატვირთვები 90%-ით გაიზარდა და 1 517 843 ბოთლი გახდა. ასევე მაღალია მატება აშშ-სა (39%-ით, 181 937 ბოთლი) და კანადაში (69%-ით, 135 012 ბოთლი). ჩინეთში ღვინის სმის კულტურა ჯერჯერობით ახალია და ადგილობრივ მომხმარებელს ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული რომელიმე ქვეყნის ღვინის მიმართ ლოიალობა - ეს ქართულ ღვინოს პერსპექტივას აძლევს, რაც ექსპორტის მაღალ ზრდაშიც გამოიხატება. თუმცა ჯერჯერობით ქართული ღვინის მთავარ ბაზრად ისევ რუსეთი რჩება, ეკონომიკური კრიზისის გამო კი რუსეთში ალკოჰოლური სასმელების მოხმარება შემცირებულია. ღვინის მსხვილ ბაზრებზე მსგავსი სწრაფი მატების ტენდენცია არ შეიმჩნევა. მათ შორისაა პოლონეთი (ზრდა +1% (1 112 118 ბოთლი), ლატვია (+8% (831 906) ბოთლი). 

კალიფორნიის ღვინის ინსტიტუტის მონაცემებით, საქართველო მექსიკის შემდეგ ღვინის ოცდამეოთხე ყველაზე დიდი მწარმოებელია და მას მსოფლიო ბაზრის 0.3% უჭირავს. ამავე კვლევის მიხედვით, ღვინის ყველაზე დიდი ბაზარი ამერიკაა, თუმცა აღნიშნული ბაზარი ადგილობრივი ღვინით არის გაჯერებული. ჩინეთში კი ბაზრის მოცულობა ყოველწლიურად მზარდია, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ბაზრად აქცევს.

2015 წელს ქართული ღვინის მარკეტინგისთვის მთავრობამ 10 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას თქმით, უმჯობესი იქნება, თუკი მარკეტინგის მიმართულებით თავად ღვინის კომპანიებიც გააქტიურდებიან. 

კომენტარები