უკრაინის არჩევნებზე მიმავალი ჩუბაკა დააკავეს

Reuters

ვარსკვლავური ომების პერსონაჟ ჩუბაკას ოდესაში სასამართლოს წინაშე წარდგენა მოუწია. ის ადმინისტრაციული სასჯელით, 170 გრივნათი დააჯარიმეს, რადგან მან საიდენტიფიკაციო დოკუმენტები არ წარმოადგინა.

უკრაინის პოლიციამ განცხადება გაავრცელა: "არაფერი უჩვეულო არაა, უბრალოდ, ჩუბაკა დავაკავეთ, რომელსაც დართ ვეიდერი ოდესაში არჩევნებზე მანქანით მიჰყავდა. დართ ვეიდერმა განაცხადა, რომ ჩუბაკა მისი მსახურია და მას არ სჭირდება დოკუმენტები".

მანამდე, პოლიციამ ჩუბაკა საარჩევნო უბნიდან გააძევა და არჩევნების მიმდინარეობის ხელშეშლაში დაადანაშაულა. როგორც ჩუბაკამ განაცხადა, ის იქ დართ ვეიდერის მხარდასაჭერად მივიდა, რომელიც ხმის მიცემას ცდილობდა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ადგილობრივ არჩევნებში, კანდიდატმა პალპატინ დმიტრი ვიქტორის ძემ მოახერხა ოდესის საქალაქო საბჭოს დეპუტატად არჩევა, პარტიიდან "Доверяй делам".

როგორც dumskaya.net წერს, 25 წლის პალპატინმა, რომელიც იმპერატორად მუშაობს შპს "პალპატინ ფინანს გრუპში", კოტოვის დასახლების 57-ე ოლქში ხმათა 54,4% მოაგროვა, რითაც კონკურენტები ჩამოიტოვა.

მიმდინარე არჩევნებზე "ვარსკვლავური ომების" თემატიკა უკრაინაში აქტუალური იყო. ოდესის საქალაქო ტერიტორიულმა საარჩევნო კომისიამ დაარეგისტრირა დართ ვეიდერის წინასაარჩევნო 48-კანდიდატიანი სია, რომელთაგან 44-ის სახელი და გვარი დართ ვეიდერი იყო, ხოლო ერთის - მაგისტრი იოდა.

2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას კიდევ ერთი დართ ვეიდერი ცდილობდა, უკრაინის ინტერნეტ-პარტიიდან, თუმცა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ის არ დაარეგისტრირა.

მიუხედავად იმისა, რომ დართ ვეიდერი პრეზიდენტი ვერ გახდა, ოდესაში მისი ძეგლი მაინც დგას. წინა თვეს ოდესის მერიას ლენინის ძეგლის აღება ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ადგილობრივ არტისტ ალექსანდრ მილოვს მისი ვარსკვლავური ომების ვილანად, დართ ვეიდერად გადაკეთების იდეა მოუვიდა. დართ ვეიდერის ძეგლს სხვა საზოგადეობრივი დატვირთვაც აქვს, მის ჩაფხუტში WI-Fi ანტენაა, რომელიც პარკში დამსვენებლებს უფასო ინტერნეტით უზრუნველყოფს.

უკრაინის მრავალ ქალაქში ვლადიმირ ლენინის ძეგლები დღესაც არის აღმართული. ქვეყანაში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ლენინის ძეგლების აღება აქტიურად დაიწყეს.

კომენტარები