რუსთავი 2-ის საქმე

უდუმაშვილი: დვალის შემოთავაზებას არ მივიღებ, დოკუმენტი უკანონოა

რუსთავი 2

რუსთავი ორის გენერალური დირექტორის მოადგილის ზაალ უდუმაშვილის თქმით, "სიურპრიზები ხელისუფლების მხრიდან არ მთავრდება". რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე უდუმაშვილმა უარი თქვა დავით დვალის შეთავაზებაზე და განაცხადა, რომ რეესტრში გატარებული დოკუმენტი უკანონოა. მან დაადასტურა დავით დვალთან შეხვედრა და აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის მმართველად დანიშვნაზე მისგან თანხმობა არ მიუღია.

"მე მაინტერესებს, როგორ გატარდა საჯარო რეესტრში იმ ვალდებულებების დოკუმენტი, რომელიც მე დამაკისრა დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა ისე, რომ მასზე ჩემი ხელმოწერა არ ყოფილიყო. მე გავიარე იურისტებთან კონსულტაცია და განმიმარტეს, რომ ჩემი თანხმობის და ხელმოწერის გარეშე ამ დოკუმენტის გატარება არ შეიძლებოდა, შესაბამისად, ეს დოკუმენტი არის ბათილი ანუ უკანონო. მე ვარ გენდირექტორის პირველი მოადგილე და მაქვს კონკრეტული ფუნქციები, მე ვხელმძღვანელობ არხის საინფორმაციო პოლიტიკას, მე არ ვარ გამოცდილი ფინანსისტი და ვერც ავიღებ ვალდებულებას ჩემს თავზე ვერასოდეს, ვინაიდან ამას შესაბამისი კვალიფიკაცია სჭირდება. მაინცდამაინც სამი დღით ადრე რომ მოუნდათ ბატონებს, ჩემზე დაეკისრებინათ ის ვალდებულებები, რომელიც კომპანიას სამ დღეში აქვს გაგასტუმრებელი, გასაგებია, რაზე მიანიშნებს - მათ სურთ, ეს კომპანია საბოლოოდ შეიყვანონ ჩიხში, თუმცა ამას ვერ მოესწრებით. შესაბამისად, მე ამ ვალდებულებას ვერ ვიღებ, ვინაიდან ეს უკანონოა, მასზე არ არის ჩემი ხელმოწერა და თანხმობა. თქვენ, ბატონებო, გაქვთ ყველანაირი ვალდებულება მიღებული თამაზ ურთმელიძისგან, რომლის გადაწყვეტილებას, როგორც აღმოჩნდა, თქვენც არ ეთანხმებით თურმე. შეგიძლიათ, თუ არ მობრძანდებით აქ და არ მობრძანდებით ოფისში, დისტანციურად შეასრულოთ თქვენი უფლება-მოვალეობები და ის ვალდებულებები, რაც კომპანიას გააჩნია და დისტანციურად მართოთ, რადგან თქვენ გაგაჩნიათ ყველანაირი წვდომა ჩვენს ბუღალტერიასთან, ჩვენ ეს აღარ გვაქვს უკვე. ამიტომ, კეთილი ინებეთ და შეასრულეთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობები", - მიმართა უდუმაშვილმა რუსთავი ორის დროებით მმართველებს.

დავით დვალისა და რევაზ საყევარიშვილის თქმით, ისინი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მართვის უფლებას გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილს ცალმხრივად ანიჭებენ. როგორც ცნობილია, მათ ამგვარი წინადადებით ტელეკომპანიას ადრეც მიმართეს, თუმცა, არხის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა. ტელეკომპანია თამაზ ურთმელიძის განჩინებას დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ უკანონოდ მიიჩნევს და, შესაბამისად, არხის მოსაზრებით, დვალი და საყევარიშვილი რუსთავი 2-ის დროებითი მმართველები არ არიან.

დვალის და საყევარიშვილის თქმით, უფლებამოსილების მინიჭების დადგენილება ტელეკომპანიაში დღეს გაიგზავნება. "უდუმაშვილს აქვს სრული უფლება, აფუნქციონიროს რუსთავი 2", - ამბობს დავით დვალი. მისი თქმით, უდუმაშვილს უფლებამოსილებას ანიჭებენ იქამდე, სანამ სასამართლოს ყველა ინსტანციაში განჩინების განხილვა დასრულდება.

კომენტარები