ტერაქტები პარიზში

AFP: ჩრდილოეთ პარიზში სპეცოპერაცია დასრულებულია

BBC

სააგენტო ფრანს პრესის ინფორმაციით, ჩრდილოეთ პარიზში, სენ დენიში სპეცოპერაცია დასრულებულია. ბოლო მამაკაცი, რომელიც შენობიდან ბორკილებით გამოიყვანეს, ამბობს, რომ სახლის მეპატრონეა.

"მეგობარმა მთხოვა, სახლი რამდენიმე დღით მისი ორი ბელგიელი მეგობრისთვის დამეთმო. მათ ვუთხარი, რომ სახლში ლეიბები არ მქონდა. მითხრეს, რომ არ იყო ეს პრობლემა და მათ, უბრალოდ, წყალი და ლოცვა სურდათ", - ამბობს ის.

დღევანდელი სპეცოპერაციისას შვიდი პირი დააკავეს, რომლებსაც დნმ-ის ანალიზი ჩაუტარდებათ. დაღუპულთა რაოდენობის შესახებ უცხოურ მედიაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. AFP-ის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე ორი ადამიანი. მათ შორის, ერთმა ქალმა თავი აიფეთქა.

სპეცოპერაციისას დაშავდა რამდენიმე პოლიციელი.

სპეცოპერაცია პოლიციამ სენ დენიში დილით დაიწყო იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომ შენობაში 13 ნოემბრის ტერაქტების ორგანიზატორი აბდელჰამიდ აბააუდი იმყოფებოდა.

13 ნოემბერს პარიზში მომხდარმა ტერაქტებმა სულ მცირე 129 ადამიანი იმსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები