პენსია

პრემიერი: 2016 წლის 1 ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდება

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2016 წლის 1 ივლისიდან, პენსია 20 ლარით გაიზრდება და 180 ლარი გახდება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა საპენსიო რეფორმაზე მუშაობს.

"ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ჩვენი ბიუჯეტი იქნებოდა სოციალურად ორიენტირებული და სწორედ ადამიანზე ორიენტირებული. აქედან გამომდინარე ვგეგმავთ ყოველწლიურ ბიუჯეტს. სწორედ ამ მიმართულებით ვზრდით ხარჯებს. შესაბამისად, მომავალი წლის ბიუჯეტიც იქნება ასევე სოციალურად ორიენტირებული. ეს სახსრები განკუთვნილი იქნება პენსიების და პედაგოგების საბაზო ხელფასების ზრდისთვის, ასევე მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ხელშეწყობისა და სხვა ღონისძიებებისთვის. მქონდა საუბარი ბატონ ნოდართან, შემდეგ გუნდთან და გადავწყვიტეთ, რომ 2016 წლის 1 ივლისიდან პენსიები იქნება 180 ლარი. შევახსენებ ყველას, 2012 წლიდან ჩვენ პენსიები გავზარდეთ 64%-ით დაახლოებით. ეს არის 600 მლნ ლარამდე მატება, თუ შევადარებთ 2012 წლის ბიუჯეტს ამ მიმართულებით, ანუ 600 მლნ ლარით მეტს გავცემთ პენსიონერებისთვის. შევახსენებ ყველას, 2012 წლამდე პენსია იყო 110 ლარი, ასევე 125 ლარი, 100 ლარიც იყო თუ არ ვცდები. დიფერენცირებული იყო. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ გავათანაბროთ პენსიები და გაისად, პენსია იქნება 180 ლარი. ასევე ვმუშაობთ ინტენსიურად საპენსიო რეფორმაზე, რომ დაინერგოს პენსიის დაგროვებითი სისტემა და ეტაპობრივად გადავიდეთ ახალ სისტემაზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პენსიის 50 ლარით გაზრდის მოთხოვნით, სპეციალური კამპანია დაიწყო. საპარლამენტო უმცირესობა ამბობს, რომ პრემიების შეკვეცის ხარჯზე, პენსიის 50 ლარით გაზრდა დღესვე შესაძლებელია.

კომენტარები