თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა

ელჩი: აჭარის თურქეთთან შეერთება არ მოხდება, არ ვიცი, საიდან მოდის ასეთი იდეები

ipn.ge

"მეუბნებიან, როდის შეუერთდება აჭარა თურქეთს. არ ვიცი, ასეთი რამ არ მოხდება. საიდან მოდის საერთოდ ასეთი იდეები? – ალბათ, უცოდინრობის გამო ან გარკვეული პროვოკაციებიდან გამომდინარე. მინდა დაგარწმუნოთ, რომ მსგავსი რამ არ ხდება," – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ გადაცემა მაესტროს ფაქტორში ისაუბრა.

ზექი ლევენთ გუმრუქჩუს თქმით, თურქეთი საქართველოს ძალისხმევას, დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება მხარს უჭერს.

"პირველ რიგში, რაც შეეხება დავით ოღლუს განცხადებას. მაშინ ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და მსგავსი რამ არ უთქვამს. თურქეთი პატივს სცემს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ნებისმიერი ქვეყნის, განსაკუთრებით კი მეგობრული ქვეყნისას, როგორიც არის საქართველო. რაც შეეხება საქართველოს და აჭარას, ბოლო 25 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა დამოუკიდებელი, ჩვენ არაერთგზის ვაჩვენეთ საქართველოს და დავუმტკიცეთ, რომ თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება", - განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც შეეხებოდა თურქეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის აჰმედ დავით-ოღლუს განცხადებას, რომელიც მან თითქოს საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს გააკეთა და რომლის მიხედვითაც, თურქეთი აშენებს ახალ ოსმალეთის იმპერიას, რომლის საზღვრებში იქნება აჭარა.

ზექი ლევენთ გუმრუქჩუს თქმით, საქართველოს მთლიანობა ისეთივე მნიშვნელოვანია თურქეთისთვის, როგორც – თურქეთის ერთიანობა.

"ეს ცხადია და ბუნებრივია, რადგან ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველო გახდა ჩვენი პირველი სავაჭრო პარტნიორი: თურქეთის ინვესტიციები არის საკმაოდ ფართოდ წარმოდგენილი, როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ჩვენ ვეხმარებით და მხარს ვუჭერთ საქართველოს ჰუმანიტარული განვითარების თვალსაზრისით და ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ბიზნეს-აქტიურობა ძალიან გავრცელებულია აჭარაში", – განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ. 

ზექი ლევენთ გუმრუქჩუს თქმით, თურქეთის 10-დან 9 მოქალაქე საქართველოს ისტორიულ პარტნიორად აღიარებს.

"გამომდინარე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობიდან, რომელიც ცდება სწორედ მხოლოდ სავაჭრო პარტნიორობას და ასევე, სხვა პროექტებზე, რომელიც არის თბილისი-ყარსის და ბაქო-ჯეიჰანის პროექტები, არა მგონია, რომ არსებობდეს თურქეთში ვინმე, ვინც ამის წინააღმდეგ გამოვა და იტყვის, რომ საქართველოს გარკვეული ტერიტორია შეიძლება ეკუთვნოდეს თურქეთს და ის ნდობა, რომელიც ჩვენ განვავრცეთ და გვაქვს ჩვენს ქვეყნებს შორის, არა მხოლოდ უვიზო რეჟიმი გვაქვს, პასპორტიც კი არ სჭირდება საზღვრის გადაკვეთას. ყოველ წელს 6 მილიონი საქართველოს მოქალაქე კვეთს თურქეთის საზღვარს. თურქეთს არ აქვს არანაირი ამბიცია არც დომინაციის, არც არანაირი სხვა ამბიცია.

ჩვენ პატივს ვცემთ ტერიტორიულ მთლიანობას და გვინდა, რომ საქართველო იყოს სტაბილური, ასევე, მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და ამას ვაკეთებთ სხვადასხვა ფორმატში 24 საათის რეჟიმში, რათა სწორედ ვარშავის მინისტერიალზე დაფიქსირდეს. ამას მხოლოდ საქართველოსთან კარგი ურთიერთობის გამო კი არ ვაკეთებთ, არამედ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება იქნება თურქეთისთვის მომგებიანი", – განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.

კომენტარები