საქართველოს ეკონომიკა

საქართველოს პოლონეთის ზომის ბიუროკრატია ემსახურება

ვარშავა
Getty Images

საქართველოს მოსახლეობით მასზე 10.4-ჯერ დიდი ქვეყნის ზომის ბიუროკრატიული აპარატი ემსახურება. პოლონეთის მოსახლეობა 38.5 მილიონია, მის საჯარო უწყებებში კი 123 ათასი ადამიანი მუშაობს. 3.7 მილიონიანი საქართველოს ბიუროკრატიის ზომა კი დაახლოებით იგივეა და 116 ათასს შეადგენს. საქართველოს ბიუჯეტს ბიუროკრატიის ანაზღაურებაზე დაახლოებით 1.4 მილიარდი ლარი ეხარჯება.

ბიუროკრატიის მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება:                                                              

  • 2012 წელი - 101 000 დასაქმებული
  • 2013 წელი - 103 665 დასაქმებული
  • 2014 წელი - 104 878 დასაქმებული
  • 2015 წელი - 116 562 დასაქმებული

საქართველოში კონტრაქტით დასაქმებულია 692 ათასი ადამიანი. აქედან 116 ათასი საჯარო მოხელეა, მათ გარდა 692 ათასში შედის 58 ათასი საჯარო სკოლის პედაგოგი, რომლებიც ასევე ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასებს. მათი საერთო რაოდენობა 174 ათასია, თუმცა ამით საჯარო უწყებებში დასაქმებულთა რაოდენობა მოწურული არაა, რადგანაც  ბიუჯეტიდან ხელფასებს იღებს კიდევ 13 ათასი ადამიანი, რომლებიც მთავრობისა და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებში მუშაობენ. 187 ათასი მოხელის გარდა კი არსებობენ სახელმწიფო შპს-ეებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებული ადამიანები, რომელთა ზუსტი რაოდენობაც აღრიცხული არაა.

საჯარო უწყებებში დასაქმებულთა დიდი რაოდენობა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს, რადგანაც ამ მოხელეების გარკვეულ ნაწილს წარმატებით შეეძლო კერძო საწარმოებში ემუშავათ და ქვეყნისთვის დამატებითი კეთილდღეობა მოეტანათ. საჯარო უწყებებში დასაქმებულებს კი ამ სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა არ შეუძლიათ, რადგანაც ისინი დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქიას ან მომსახურებას არ ქმნიან.

საქართველოს მსგავსი მცირე ზომის ქვეყნისთვის ასეთი მასშტაბური საჯარო სექტორის არსებობა არაეფექტიანობაზე მიანიშნებს. თუკი ათჯერ დიდი ზომის ქვეყანას საჯარო სერვისების მიწოდება დაახლოებით იმდენივე მოხელის მეშვეობით შეუძლია, რამდენიც ათჯერ უფრო მცირე ქვეყანას ეს ამ სახელმწიფოს მიერ რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებაზე მიანიშნებს.

კომენტარები