საქართველოს ეკონომიკა

2015 წელს ეკონომიკური ზრდა 1.8%-ით შენელდა

თამარა ქურდაძე / ტაბულა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2015 წელს საქართველოს ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა, რაც 2014 წელთან შედარებით 1.8%-ით ნაკლებია. ეკონომიკური ზრდის შენელება სავალუტო კრიზისს უკავშირდება. დაბალი ზრდის მიუხედავად, მთავრობამ გეგმა გადაჭარბებით შეასრულა, რადგანაც ბიუჯეტით გასულ წელს 2%-იანი ზრდის მიღწევა იყო დაგეგმილი. 

ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, ერთი მხრივ, 23%-ით შემცირებულმა ექსპორტის მაჩვენებელმა, ასევე 10%-ით შემცირებულმა იმპორტის მაჩვენებელმა. 

2015 წლის იანვარში მთავრობა 5%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავდა, თუმცა წლის მეორე კვარტალში აშკარა გახდა, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომაც საპროგნოზო მაჩვენებელი მთავრობამ 2.5%-ჯერ შეამცირა. 

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა 2013 წლიდან ეკონომიკური ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო ზრდამ 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მსოფლიოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 2015 წელს 3% იყო. თუკი ის საქართველოში 2.8%-ით გაიზარდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა სხვა ქვეყნებთან შედარებით 0.2%-ით გაღარიბდა.

კომენტარები