ფარული პატრულირება

TI: ფარული პატრულირების შემოღება პირად ცხოვრებაში ინტენსიური ჩარევა იქნება

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს შეფასებით, ფარული პატრულირების შემოღება ადამიანის პირად ცხოვრებას ეწინააღმდეგება. საგზაო უსაფრთხოების მარეგულირებელ ნორმებში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, TI განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის შეფასებით, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზანს ემსახურება ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა (დანაშაულის გახსნა, ქვეყნის უშიშროების და მართლწესრიგის დაცვა და სხვ.), მისი განხორციელების წესი უნდა აკმაყოფილებდეს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დადგენილ სტანდარტს.

"შესაბამისად, საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზანი არ ამართლებს ფარული ვიდეო და აუდიო გადაღების წარმოებას", - აცხადებს TI და აღნიშნავს, რომ საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ფარული ვიდეო და აუდიო გადაღება ვერ აკმაყოფილებს პროპორციულობის ტესტს. ორგანიზაციის შეფასებით, ფარული პატრულირებით ხდება პირად ცხოვრებაში ინტენსიური ჩარევა და ადამიანის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა.

"კანონროექტის ერთ-ერთი პრობლემური საკითხია ფარული პატრულირების წესის რეგულირება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. კანონპროექტის მე-60 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მინისტრმა 2016 წლის 1 იანვრამდე უნდა დაამტკიცოს პოლიციის სარგებლობაში არსებული შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე ან ამგვარი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული/განთავსებული, ფოტო/ვიდეო ტექნიკის, აგრეთვე არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების წესი".

კანონი არ ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ამოსაცნობი ნიშნის გარეშე კამერის ჩართვის ინტენსივობა, კერძოდ, მუდმივად ჩართული იქნება, თუ მას ჩართავენ მხოლოდ სამართალდარღვევის დაფიქსირების პროცესში; არ არის განმარტებული, თუ რას გულისხმობს პოლიციის სარგებლობაში არსებული მანქანა, კერძოდ, მას მხოლოდ პოლიცია მართავს, თუ შესაძლებელია სამოქალაქო პირებს ხელშეკრულებით საფუძველზე მიენიჭოთ ეს ფუნქცია (მათ ავტომობილებზე დაამაგრონ კამერები). კანონპროექტის თანახმად, ეს და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები მინისტრის ბრძანებით უნდა დარეგულირდეს. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით შეიძლება განისაზღვროს ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისა და დაცვის პირობები და წესი, იურიდიული პასუხისმგებლობის საკითხები", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ფარული პატრულირება უშუალოდ შემხებლობაშია ადამიანის პირადი ცხოვრებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებასთან, შესაბამისად, ის მხოლოდ კანონით უნდა განისაზღვროს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ფარულ პატრულირებასთან დაკავშირებულ რისკებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ფარული ვიდეო და აუდიო გადაღებით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გარდა, შესაძლებელია, მოგროვდეს ინფორმაცია პირის გადაადგილების, სოციალური ჩვევების, პირადი და საქმიანი კონტაქტების შესახებ. ასევე TI-ის განცხადებით, კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფარული პატრულირების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის განადგურების წესისა და ვადების რეგულირებას, რაც პირადი ცხოვრების უფლებისა და პერსონალური მონაცემების დარღვევის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს. ორგანიზაციის შეფასებითვე, ფარული პატრულირება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უფლების ბოროტად გამოყენების დიდ რისკს შეიცავს.

"ამ გზით მოგროვილი ინფორმაცია საგზაო მოძრაობის უსაფრთხებასთან ერთად, შესაძლოა ასევე შეეხებოდეს პირის პირად და საქმიან ინფორმაციას. სწორედ ამ რისკებისგან დაზღვევის მიზნით და კონსტიტუციის მე-20 მუხლის შესაბამისად, კანომდებლობა განსაკუთრებით მკაცრ წესებს ადგენს ფარული ვიდეო და აუდიო გადაღებისათვის. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ფარული პატრულირება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, შეიცავს უფლების ბოროტად გამოყენების დიდ რისკებს. პერსონალურ მონაცემთა ამ ხერხით დამუშავება საგზაო უსაფრთხებისათვის არ არის მიზნის პროპორციული. ფარული პატრულირება შემოთავაზებული ცვლილებების შინაარსიდან გამომდინარე, ფაქტობრივად წარმოადგენს ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებს, რომელიც კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში არის ნებადართული. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ქმედებების განხორციელება ფაქტიურად გამარტივებული წესით ხდება, რაც კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებების დარღვევის და პოლიციის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემდეგ რისკებს შეიცავს: კონსტიტუციასთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და ადამიანის ძირითად უფლებებთან შეუსაბამობა. ფარული ფოტო და ვიდეო გადაღება არის ოპერატიული მოქმედებების ფორმა და ადამიანის პირად ცხოვრებაში ინტენსიურ ჩარევას წარმოადგენს. პირადი ცხოვრება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და მე-20 მუხლებით. საქართველოს კონსტიტიციის მე-20 მუხლი პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვის მხოლოდ ორ შემთხვევას ითვალისწინებს - სასამართლო გადაწყვეტილებას და კანონით გათვალისწინებულ გადაუდებელ აუცილებლობას", - აცხადებს TI.

პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში წარმოდგენილი ცვლილებებით, პოლიციას უფლება ეძლევა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, პოლიციის სარგებლობაში არსებული შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე ან ამგვარი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაამონტაჟოს ფოტო/ვიდეო ტექნიკა. დღეს მოქმედი კანონის 27-ე მუხლის თანახმად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად პოლიცია უფლებამოსილია, ფორმის ტანსაცმელზე, გზასა და შენობების გარე პერიმეტრზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამონტაჟოს/განათავსოს, აგრეთვე, გამოიყენოს სხვის მფლობელობაში არსებული დამონტაჟებული ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკა. მოქმედი კანონის თანახმად, დამონტაჟებული/განთავსებული ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის შესახებ ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას.

კომენტარები