ოკუპირებული აფხაზეთი

იერუსალიმის პატრიარქმა აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლობა მიიღო

იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე მესამემ, 28 აპრილს, იერუსალიმში, აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ დეპუტატი საიდ ხარაზია, ე.წ აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი - დალმატ გოპია და მომლოცველები მიიღო.

გამოცემა sputnik-abkhazia-ს ცნობით, იერუსალიმის პატრიარქმა მომლოცველებს ღვთისმშობლის ხატები გადასცა, ხოლო მღვდელი გოპია ჯვრით დააჯილდოვა.


"მიხარია, რომ აქ ხართ. ჩვენ მორალური პასუხისმგებლობა გვაქვს შევინარჩუნოთ წესრიგი და ერთიანობა მართლმადიდებელ ეკლესიებში. რა თქმა უნდა ყველა პრობლემა შეიძლება გადაიჭრას მოთმინებითა და სურვილით. იერუსალიმის ეკლესიის მისიაა გაავრცელოს მშვიდობა და დაამოწმოს ჯვარცმული ქრისტეს შესახებ.

ჩვენ ის ეკლესია ვართ, რომელიც ატარებს ქრისტეს იდეას მშვიდობისა და ადამიანური ღირებულებების შესახებ. ჩვენი მისია აქ მხოლოდ სულიერი და რელიგიურია", - განაცხადა პატრიარქმა თეოფილე მესამემ sputnik-abkhazia-ს ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

ე.წ დეპუტატ ხარაზიას განცხადებით, მათ პატრიარქს სთხოვეს ელოცა "აფხაზეთის მიწისა და აფხაზი ერისთვის".

მომლოცველები ოკუპირებული აფხაზეთიდან იერუსალიმში 22 აპრილს ჩავიდნენ.

თეოფილე მესამემ დღეს, იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში წმიდა ცეცხლის რიტუალი შეასრულა.

კომენტარები