დაიცავი თავისუფლება

დაიცავი თავისუფლება: ახალციხის მერიის მინიშნება პროვოკაციაზე, შემაშფოთებელია

პლატფორმა დაიცავი თავისუფლება პროვოკაციის მოწყობის თაობაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებას შემაშფოთებლად მიიჩნევს. პლატფორმა მერიის განმარტებას არაკვალიფიციურად აფასებს და სიცრუეს უწოდებს. დაიცავი თავისუფლების განმარტებით, "საქართველოს კანონმდებლობა და კონსტიტუციური სტანდარტები არანაირ ვალდებულებას არ გვაკისრებს, აქცია-კონცერტის მიზნების შესახებ, ანგარიში ვაბაროთ საქართველოს ხელისუფლებას". თუმცა, პლატფორმა აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად, ახალციხის მერიაც და საქართველოს მთავრობაც ინფორმირებული იყო კამპანიის და კონკრეტულად გამოუვალი მდგომარეობის კონცერტის მიზნების შესახებ.

"არსებობს ამის დამადასტურებელი მიმოწერა. შესაბამისად, ახალციხის მერიის მიერ გავრცელებული განცხადება არის უკიდურესად არაკვალიფიციური და, ამასთან, უბრალოდ სიცრუე. მაგრამ არაკვალიფიციურობასა და ტყუილზე მეტად გვაღელვებს მინიშნება პროვოკაციებთან დაკავშირებით. ახალციხის მერია მოგვიწოდებს, თავი შევიკავოთ პროვოკაციებისგან.

წინასწარ ვაფრთხილებთ საქართველოს ხელისუფლებას - ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები გვამოძრავებს, ამის დასტური ისიცაა, რომ კეთილი ნება გამოვიჩინეთ და შევატყობინეთ ახალციხის მერიას აქციის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ამის ვალდებულება არ გვქონია. ჩვენი მიზანია ევროპული ფასეულობების გავრცელება და ახალციხის რაიონის მოსახლეობისთვის სასიამოვნო საღამოს მოწყობას ვგეგმავთ.

მინიშნება პროვოკაციასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით შემაშფოთებლად გამოიყურება გაძლიერებული პოლიტიკური ძალადობის ფონზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებთ, უზრუნველყოს კონცერტის მიმდინარეობისას ჩვენი და მსმენელის უსაფრთხოება", - ნათქვამია პლატფორმის განცხადებაში.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია პლატფორმას - დაიცავი თავისუფლება - მიმართავს, "თავი შეიკავონ რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობისა და დაძაბული ფონის შექმნისგან, რათა არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია და ღონისძიებამ მშვიდ გარემოში ჩაიაროს". მერიის განცხადებით, "გარკვეული ძალები განზრახ ცდილობენ საკითხის სხვა კონტექსტში განხილვას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას". ადგილობრივი თვითმმართველობა უარყოფს, რომ ჯგუფ გამოუვალი მდგომარეობის კონცერტის ჩატარებაზე პლატფორმას - დაიცავი თავისუფლება - უარი უთხრა.

ცნობისთვის, ახალციხის მერიის მიერ დაიცავი თავისუფლებისთვის გუშინ გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობის კონცერტის გამართვა უკანონოდ ჩაითვლება.

რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობის კონცერტი ქალაქ ახალციხეში, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ, 18:00-ზე დაიწყება.

კომენტარები