საყოველთაო ინტერნეტიზაცია

რა არის საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი და რატომ ახორციელებს მას ივანიშვილი

George Nebieridze / BuzzFeed

საქართველოს პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი განხორციელდება, რომელსაც სრულიად უანგაროდ, დაახლოებით $100 მილიონით ქვეყნის ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებს. ივანიშვილის დაფინანსებით 2 ათას დასახლებულ პუნქტში აშენებული ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს დარჩება, რომელიც შემდეგ ღია დაშვების პრინციპით კერძო ოპერატორებს ინტერნეტის მოსახლეობამდე მიყვანის საშუალებას მისცემს. პროექტის განხორციელების შემდეგ მთავრობა ინტერნეტბაზრის მხვილი მოთამაშე გახდება.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში ივანიშვილი არ მონაწილეობდა. ეკონომიკის სამინისტრომ პროექტის განხორციელებაზე ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა, თუმცა, კერძო კომპანიებმა მასში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს. "არ ხდება ისე, რომ ამ პროექტმა კერძო სექტორის ინტერესები გადაკვეთოს. პირიქით, ის ხელს უწყობს, სხვადასხვა დაინტერესების ზონების მიხედვით, კერძო სექტორის შესვლას საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში. ხოლო იქ, სადაც ნაკლებად არის დაფიქსირებული, ან საერთოდ არ არსებობს ინტერესი და ინტერნეტის შეყვანა ეკონომიკურად აზრს მოკლებულია, პროგრამას მთლიანად ფონდი "ქართუ" აფინანსებს. ეს არის აბსოლუტური ქველმოქმედება, ყველანაირი ბიზნესდაინტერესების გარეშე. პროგრამა, სავარაუდო ხარჯთაღრიცხვით, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაჯდება. ეს არის ნამდვილად საშვილიშვილო საქმე“, - თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.

პროექტი საქართველოს რეგიონების ფართოზოლოვანი ინტერნეტკაბელებით დაფარვას გულისხმობს, რომელიც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ დაფუძნებული ააიპ OpenNet-ის საკუთრებაში იქნება. პროექტის განხორციელების შემდეგ, სახელმწიფო სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება. პროექტის მიხედვით, ააიპ OpenNet-ი შექმნის ღია დაშვების წერტილებს, რომლებზე წვდომაც ყველა ინტერნეტოპერატორს ექნება. სწორედ ოპერატორებმა უნდა მიიყვანონ კაბელები მოსახლეობამდე და მათ მიაწოდონ საბოლოო პროდუქტი. ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2020 წლისთვის მოსახლეობის 90%-ს მაინც უნდა ჰქონდეს მინიმუმ 15 MB-იან ინტერნეტთან წვდომა. პროექტის მიხედვით, დღეს დაუფარავი 2.153 სოფლის და 40 ქალაქის კაბელებით დაფარვა მოხდება.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის მიხედვით, პროექტს გარკვეული რისკებიც ახლავს, რაც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული OpenNet-ის საბაზრო ძალაუფლებაში და, შესაბამისად, თავისუფალ ბაზარში სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის რისკებში გამოიხატება. "მნიშვნელოვან პრობლემად უნდა გამოიყოს ინტერნეტბაზრის მოთამაშეებზე და ზოგადად ინტერნეტბაზარზე სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი აქტივობების გავლენა. ზოგადად, სახელმწიფო ჩარევა და მისი ინტერვენცია ევროკავშირის მიერ მკაცრად კონტროლდება, რადგან მოიცავს მნიშვნელოვან რისკებს კონკურენციის ხელყოფის და ბაზარზე არაჯანსაღი რყევების გამოწვევის გამო. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სტრატეგიის და მისი რეალიზაციის სამოქმედო გეგმის დამტკიცების ალტერნატივა, სათანადო აქტივობები მხოლოდ მათი დამტკიცების და შედეგების წინასწარ გააზრების შემდგომ უნდა მოხდეს. აუცილებელია საკონსულტაციო პროექტის წარმოდგენა და გეგმის რეალიზაციის დაწყება მხოლოდ ყველა დაინტერესებული მხარის და ექსპერტების მოსაზრებების შეგროვების შემდგომ, რადგან სრული კონსენსუსი არის გარანტია იმისა, რომ ძალიან კარგი და აუცილებელი ინიციატივა მაღალ დონეზე და ხარვეზების გარეშე განხორციელდეს", - წერია IDFI-ის კვლევაში.

კომენტარები