არჩევნები 2016

ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტზე შსს-მ მოკვლევა დაიწყო

რუსთავი 2

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო. ჯიხაშკარში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატი სანდრა რულოვსი ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებოდა. შეხვედრის დაწყებამდე, რამდენიმე პირი ნაციონალური მოძრაობის წევრებს დაუპირისპირდა. ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ჰკრავენ ხელს კამერას ენმ-სთან დაპირისპირებული პირები, მოგვიანებით კი ტერიტორიას ტოვებენ. ვიდეომასალაში არ ჩანს პოლიცია.

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ანა წითლიძე ამბობს, რომ აღნიშნული პირები "ქართულმა ოცნებამ" შეხვედრაზე პროვოკაციის მიზნით გამოგზავნა:

"ეს ადამიანები არიან ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, ისინი იყვნენ კორცხელში ცნობილი მოვლენების დროს. ისინი არიან საჯარო მოხელეები ან ადამიანები, რომლებსაც ოჯახის წევრები ჰყავთ საჯარო მოხელეები. მაგალითად, თენგო აბულაძე, რომლის ცოლიც, ნინო ბოხუაც ზუგდიდის რაიონის გამგეობაში მუშაობს, და ბერდია კუკავა, რომელიც არის რაიონის საკრებულოს თანამშრომელი",- ამბობს წითლიძე რუსთავი 2-თან საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით, მოკვლევა დაწყებულია და მოგვიანებით გადაწყდება, დაიწყება თუ არა გამოძიება.

კომენტარები