არჩევნები 2016

NGO-ები საზოგადოებრივ მაუწყებელს: შეცვალეთ ეგზიტპოლებზე მიღებული გადაწყვეტილება

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კერძო ტელეკომპანიებთან ერთად საარჩევნო ეგზიტპოლის ჩატარების გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს. კოალიცია მიიჩნევს, რომ GDS-თან, იმედთან და მაესტროსთან ერთად საარჩევნო ეგზიტპოლის ჩატარება უარყოფითად აისახება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ მაყურებლის ნდობაზე. NGO-ები აღნიშნავენ, რომ საჯარო ფინანსები არ უნდა იხარჯებოდეს არხისთვის ზიანის მომტან ქმედებებზე. კოალიცია მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილება.

"საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგი ადასტურებს, რომ ქართული ტელეარხები კვლავაც პოლარიზებულია და მათი სარედაქციო პოლიტიკა სხვადასხვა პოლიტიკურ სიმპათიას ასახავს. მეორეს მხრივ, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენისაგან თავისუფალი უნდა იყოს. ეს თავისუფლება უნდა დასტურდებოდეს ნებისმიერი გადაწყვეტილებით, რომელიც საჯარო ფინანსების ხარჯვას ეხება.

ჩვენ ქვეყანაში ეგზიტპოლი არაერთხელ გამხდარა პოლიტიკური მანიპულაციის იარაღი. კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მიიჩნევს, რომ კერძო ტელეკომპანიებთან ერთად საარჩევნო ეგზიტპოლის ჩატარება უარყოფითად აისახება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ მაყურებლის ნდობაზე და გააღრმავებს კითხვებს მაუწყებლის პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესახებ.

კოალიცია თვლის, რომ საჯარო ფინანსები არ უნდა იხარჯებოდეს არხისთვის ზიანის მომტან ქმედებებზე. კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილება და მაუწყებლის ყველა რესურსი მიმართოს მიმდინარე პროცესების სრულყოფილად, დროულად და მიუკერძოებლად გასაშუქებლად", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, რეგიონულ მაუწყებელთა ქსელი, რეგიონული მედიის ასოციაცია, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, მედიაკლუბი, არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოებისათვის, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, მაესტრო და GDS ეგზიტპოლს ერთობლივად ჩაატარებენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეგზიტპოლს კომპანია TNS-ს დაუკვეთავენ. მაუწყებლის დირექტორის გიორგი ბარათაშვილის თქმით, ველზე სამუშაოებს კომპანია GORBI ჩაატარებს. მისივე ცნობით, კონტრაქტის საერთო ღირებულება 937 635 ამერიკული დოლარია, ხოლო ამ თანხაში საზოგადოებრივი მაუწყებლის წილი - 200 ათასი ლარი.

სხვა ტელევიზიებთან ერთად ეგზიტპოლის მომზადებას მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ოთხმა წევრმა დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილებას მხარი გრიგოლ გოგელიამ, ირაკლი პაპავამ, გიორგი კოხრეიძემ და მარინა მუსხელიშვილმა დაუჭირეს, წინააღმდეგ ხმა სულხან სალაძემ და ქეთევან მსხილაძემ მისცეს, ხოლო ირინა ფუტკარაძემ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

კომენტარები