საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

აშშ-ის კონგრესმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ვაშინგტონში, აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია. რეზოლუცია განსახილველად რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ტედ პომ შეიტანა. მან მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის სამხედრო ინტევენცია საქართველოში და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. პომ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა.

რეზოლუციის მიღებისას, წარმომადგენელთა პალატას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ედ როისმა მიმართა და აღნიშნა, რომ რეზოლუციის მიღება მნიშვნელოვან დროს ხდება, რადგან რუსეთი ცდილობს, ქართველი ხალხი არჩევანის არარსებობაში დაარწმუნოს. როისის თქმით, ამერიკა საქართველოს მეგობრად რჩება და ამ თანადგომის იმედი არჩევნების დროსაც უნდა ჰქონდეთ.

"მას შემდეგ, რაც საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობა დაიბრუნა, მათ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ამერიკის ძლიერი პარტნიორები არიან. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცდილობს, ხელი შეუშალოს ჩვენს კავშირს და აღადგინოს მბრძანებლობა საქართველოზე. მას შემდეგ, რაც პუტინი 2000 წელს, ხელისუფლებაში მოვიდა, აწარმოებს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, იგულისხმება როგორც ეკონომიკური ზეწოლა, ასევე სამხედრო კონფლიქტი და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია.

მსგავსი პროცესები მიმდინარეობს უკრაინასთან მიმართებითაც, სადაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.

პუტინს საქართველოში ტერიტორიული ამბიციები გააჩნია და ხელს უწყობს აფხაზ და ოს სეპარატისტულ ძალებს, რისი მთავარი მიზანიც ამ რეგიონების ანექსიაა. ამას ამტკიცებს რუსეთის მიერ ამ ორი რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაც.

ამ მიზანს ემსახურება რუსეთის მიერ საკუთარი ძლიერი პროპაგანდის მანქანის გამოყენება ქართველი ხალხის დასარწმუნებლად, რომ თითქოს აშშ-მა და დასავლეთმა ისინი მივატოვეთ, თითქოს მოსკოვის გარდა სხვა არჩევანი არ აქვთ და ერთადერთი გზა მოსკოვის იმპერიული ამბიციებისადმი მორჩილებაა.

ეს სტრატეგია კიდევ ერთხელ გამოიცდება 8 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისას, მოსკოვს იმედი აქვს, რომ მათი დეზინფორმაციის კამპანია დაარწმუნებს ქართველ ხალხს, რომ ისინი არიან მარტო და უნდა შეწყვიტონ დასავლეთთან ახლო ურთიერთობები, ან მიიღებენ უფრო დიდ სირთულეებს. ჩვენი ხმა რადიო თავისუფლების მეშვეობით უნდა იყოს მნიშვნელოვანი მოწინააღმდეგე და ხელისშემშლელი ამ მავნე პროპაგანდისა.

ამ რეზოლუციისთვის, ერთხმად მხარდაჭერით, წარმომადგენელთა პალატა აგზავნის ძლიერ მესიჯს, რომელსაც გაიგებენ არა მარტო საქართველოში, არამედ კრემლშიც. ჩვენი მესიჯი ასეთია: ამერიკა არ შეეგუება რუსეთის მცდელობას, დაანგრიოს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ამერიკა ყოველთვის დარჩება დემოკრატიისთვის ბრძოლაგამოვლილ საქართველოსა და მამაცი ქართველი ხალხის ძლიერ პარტნიორად", - განაცხადა ედ როისმა.

კომენტარები