არჩევნები 2016

რატიანი: ჩვენ გაყალბებას არ დავუშვებთ, პროტესტი გაგრძელდება

სერგო რატიანი
რუსთავი 2

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი ამბობს, რომ პარტია საკუთარ ხმებს დაიცავს და გაყალბებას არ დაუშვებს. ენმ ცესკოს აფრთხილებს, რომ პროტესტი გაგრძელდება. ამ წუთებში ცესკოსთან პარტია აქციას მართავს.

"ჩვენ ვეყრდნობით იმ მონაცემებს, რომლებიც მოდის უბნებიდან. ბევრი ადგილია, სადაც სრულიად სხვა მონაცემებია. სრულიად ცხადია, რომ დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისია ასრულებს დაკვეთას და შერჩევითად იღებს იმ უბნებს, რომელზედაც გარკვეული უპირატესობა შესაძლოა, აქვს კიდეც ქართულ ოცნებას. უნდა, რომ ამით შექმნას სრულიად სხვა ფონი. რეალობა ისაა, რომ არ არის დიდი განსხვავება ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, უბრალოდ, სურს, რომ ეს შეცვალოს. ვაპირებთ დავიცვათ ჩვენი ხმები, რა ნებაც გამოხატა ქართველმა ხალხმა, ჩვენმა ამომრჩეველმა.

ცესკომ წინასწარი შედეგების გამოქვეყნება დააგვიანა და იყო სრულიად შერჩევით გამოქვეყნებული გარკვეული მონაცემები. ახლა გვაქვს გამაფრთხილებელი აქცია და ვაცნობებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ასრულებენ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას, ჩვენ არ შევეგუებით გაყალბებას და ჩვენი პროტესტი გაგრძელდება", - თქვა რატიანმა რუსთავი 2-თან საუბარში.

ამ დროის მონაცემებით, 3702 უბნიდან დათვლილია 813+1(21.99%) - ქართულ ოცნებას 52.67% აქვს აღებული, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 24.85%.

კომენტარები