არჩევნები 2016

OSCE: არჩევნების დღე ძირითადად ჩატარდა წესრიგით

OSCE

საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი წინასწარი განცხადება გააკეთეს. მათი განცხადებით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კუნკურენტული, კარგად ორგანიზებული და ფუნდამენტური თავისუფლებების ძირითადი ნაწილის დაცვით ჩატარებული. დამკვირვებლები ძალადობის ფაქტებზეც ამახვილებენ ყურადღებას.

ეუთო-ს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, "არჩევნების დღე ძირითადად ჩატარდა წესრიგით, მაგრამ დღის განმავლობაში დაძაბულობა გაიზარდა, რამდენიმე ძალადობრივი ინციდენტი მოხდა საარჩვნო უბნებთან, ხმის მიცემა წესრიგით მიმდინარეობდა, თუმცა, დათვლის პროცესი შეფასდა უფრო ნეგატიურად პროცედურული პრობლემებისა და გაზრდილი დაძაბულობის გამო. ძალიან კონკურენტული და კარგად მართული არჩევნები შესაძლებლობა იყო ამომრჩევლებისთვის, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი პლურალისტურ, მაგრამ პოლარიზებულ მედიაგარემოში. ძალადობის მიუღებელ ინციდენტებს ჰქონდათ გავლენა, მაგრამ, საბედნიეროდ, პოზიტიური არჩევნებისთვის მათ ძირი არ გამოუთხრიათ".

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის, იმანუელ ზინგერისის თქმითაც, გუშინდელი საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული. "მიუხედავად ამისა, წინასაარჩევნო პერიოდში, იყო მიუღებელი ქმედებები კანდიდატებისა და ამომრჩევლების მიმართ. ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. გარდა ამისა, იყო მნიშვნელოვანი სხვაობა პარტიების დაფინანსებაში, რამაც უთანასწორო შესაძლებლობები გამოიწვია. ბოლო დასკვნამდე, დელეგაცია ყურადღებით დააკვირდება საარჩევნო პერიოდს მეორე ტურამდე და დაელოდება შედეგებს მაჟორიტარულ ოლქებში".

როგორც საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებაში წერია, კამპანიის ტონი ორ მოწინავე პარტიას შორის იყო კონფრონტაციული. ასევე იყო ცნობები სახელმწიფო რესურსების უკანონოდ გამოყენებაზე.

ეუთოს საპარლამენტო მისიის განცხადებით, "როგორც დამკვირვებლები, ვიმედოვნებდით მშვიდ, არასასურველი მოვლენებისგან დაცლილ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩევლები პროცესის ნაცვლად ფოკუსირებული იქნებოდნენ შედეგებზე. ბევრი მიმართულებით, არჩევნებმა ჩვენი მოლოდინები გაამართლა, ამომრჩევლები ფოკუსირებული იყვნენ ქვეყნის მომავალზე. მოვუწოდებთ პასუხისმგებლიანი ქმედებებისკენ, რადგან ქვეყანაში მეორე ტური ტარდება".

NATO-ს საპარლამენტო დელეგაციის განცხადებით, "კამპანიისას იყო ხარვეზები, მაგრამ საერთო სურათი ნათელია: საქართველომ დაამტკიცა თავისი სტატუსი, როგორც რეგიონში დემოკრატიული ტრანსფორმაციის ლიდერმა."

ევროპული პარლამენტის დელეგაციის განცხადებით, "ყველა პოლიტიკური აქტორის პასუხისმგებლობაა, მაგრამ მეტად კომპეტენტურმა პირებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რაც შეუძლიათ, დაძაბულობის ჩასახშობად, სადაც მედია და სამოქალაქო საზოგადოება გათვალისწინებული უნდა იყოს. საერთაშორისო თანამეგობრობის ვალდებულებაა, დააკვირდეს პროცესს ყურადღებით". 

საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებით, საარჩევნო კომისია მუშაობდა დროულად და პროფესიონალურად. "იყო მაღალი ნდობა ცესკო-ს მიმართ დაინტერესებულ პირებს შორის. საარჩევნო კომისიის წევრების ნახევარი პოლიტიკურმა პარტიებმა აირჩიეს. თუმცა, იყო ბრალდებები კამპანიისას, რომ კომისიებს აკლდათ მიუკერძოებლობა დაბალი დონის კომისიის წევრების არჩევისას".

კომენტარები