არჩევნები 2016

გია ნოდია: სრულიად დაუშვებელია, ენმ-მ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვას

გია ნოდია
ტაბულა

პოლიტოლოგი გია ნოდია თვლის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში აუცილებლად უნდა შევიდეს:

"1. არჩევნების შედეგი არის ძალიან ცუდი. არა იმიტომ, რომ ერთი პარტია მეორეს გვირჩევნია (ამაზე ყოველთვის სხვადასხვა აზრი გვექნება), არამედ იმიტომ, რომ ისევ ვიღებთ ერთი პარტიის და მის უკან მდგომი ერთი კაცის მიერ დომინირებულ ხელისუფლებას, რომელსაც ვერაფერი გააწონასწორებს. ივანიშვილს ეძლევა საშუალება, ბოლომდე განიმტკიცოს ძალაუფლებაზე მონოპოლია და ნელ-ნელა, თავის სტილში, მოაშთოს დამოუკიდებელი ქმედების ყველა კერა.

2. ნაციონალები რეალურად დამარცხდნენ და ეს დამარცხება უნდა მიიღონ (რამდენად სამართლიანია ცესკოს მიერ დაფიქსირებული სხვაობა, სხვა საკითხია, ილუზიები საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე არა მაქვს, მაგრამ თავად მარცხის ფაქტი უდავოა). სრულიად დაუშვებელია, ისინი დაემსგავსონ 2008 წლის ოპოზიციას (რომელსაც სრულიად სამართლიანად დასცინოდნენ) და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადონ. ეს იქნება ქვეყნის და საკუთარი ამომრჩევლის უპატივცემულობა და პარტიის მარგინალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი.

3. არ გამოვრიცხავ, "ოცნებამ" ისე წაიყვანოს საქმე, რომ, რაღაც ეტაპზე, ხალხს ლეგიტიმური აჯანყების გარდა სხვა შანსი არ დაუტოვოს. მაგრამ ეს სამომავლო ვარაუდია. ახლა 2003 წლის ნოემბერი არ არის, ყოველგვარ რევოლუციურ სცენარზე საუბარი არსებითადაც არასწორია და "ნაციონალური მოძრაობისთვის" უკიდურესად წამგებიანი. დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი, ჩემი აზრით, ისიც იყო, რომ "ნაციონალებმა" საშუალება მისცეს "ოცნებას", გამოეყენებინათ თავისი ყველაზე ძლიერი კარტი: წარმოესახათ "ნაციონალური მოზრაობა", როგორც შფოთის და არეულობის მომტანი ძალა.

4. მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე წარმატებული პოლიტიკური ლიდერი ახალი საქართველოს ისტორიაში, ის ახალი საქართველოს დამფუძნებელი მამაა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რასაც ახლა აკეთებს და ამბობს, სწორია. პირველ რიგში, მან არჩევანი უნდა გააკეთოს: ოდესის გუბერნატორია თუ საქართველოს ოპოზიციის ლიდერი (თუნდაც არაფორმალური). ორივე ერთად არ შეიძლება. ცოტა მიკვირს, ამას პოროშენკო რატომ არ ეუბნება, მაგრამ მისი თქმა არ უნდა სჭირდებოდეს. "ნაციონალური მოძრაობის" სამოქმედო სტრატეგიას მისი ლეგიტიმური ხელმძღვანელობა უნდა განსაზღვრავდეს. გაორებული მდგომარეობა "ნაციონალურ მოძრაობასაც" ავნებს და პირადად მიხეილ სააკაშვილსაც.

5. "ნაციონალების" მარცხი მწარეა, მაგრამ "მესამე გზის" მაძიებელმა "შუაშისტურმა" მიმართულებამ სრული კატასტროფა განიცადა. მისი მთავარი შეცდომაა, რომ წარმოსახვით და არა რეალურ საქართველოში ცხოვრობს, "ფეისბუქი" და ქვეყანა ერთმანეთში ერევა. არ არის საკმარისი, აბსტრაქტულად სწორ რაღაცებს ამბობდე, შენი ქმედებების (მათ შორის, საარჩევნო გადაწყვეტილებების) შედეგებზეც უნდა იფიქრო.

6. მოგვწონს თუ არ მოგვწონს ეს ვითარება, დღევანდელ საქართველოში "ნაციონალური მოძრაობაა" დემოკრატიის სადარაჯოზე მყოფი ძირითადი, თუ არა ერთადერთი რეალური ძალა. ეს ნიშნავს, რომ მას ძალზე დიდი პასუხისმგებლობა ენიჭება. ეს ასევე ნიშნავს, რომ აუცილებელია, მან და ყველა იმ პარტიამ თუ ჯგუფმა, ვინც დემოკრატიულ და ევროპულ ღირებულებებზე თავს დებს, თანამშრომლობა ისწავლონ - რაც ორივე მხრიდან ძალისხმევას მოითხოვს. ვიცი, რომ ეს ძალიან ძნელია, ყველამ მრავალი ურთიერთწყენა უნდა გადაყლაპოს. არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს გამოვა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ძალიან საჭიროა, თუ არა გადამწყვეტი.

7. არსებულ ვითარებაში დემოკრატიის, და ქვეყნის, უკუსვლა გარდუვალია. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, მაინც რამდენად შორს დავიხევთ უკან. ეს ყველა ჩვენგანზეა დამოკიდებული, ორგანიზებული უკან დახევა მომავალი გამარჯვების საწინდარია", - წერს ნოდია.

კომენტარები