არჩევნები 2016

ადვოკატის ინფორმაციით, ყიზილაჯლოში დაკავებულებს პოლიციის განყოფილებაში სცემეს

რუსთავი 2

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. ისინი მოდულის შენობაში ადვოკატებმა მოინახულეს. ადვოკატ დავით კაკოიშვილის თქმით, სამი დაკავებული ნაცემია და ამის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველს მიაწოდეს.

"დაკავებულები არანაირ ბრალს არ აღიარებენ იმ მარტივი მიზეზით, რომ მათ არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენიათ. მთავარი რაც არის, მე შევხვდი ოთხ დაკავებულს, აქედან სამი არის ნაცემი პოლიციის განყოფილებაში, სადაც ისინი მიიყვანეს. ისინი დაექვემდებარენ არასათანადო მოპყრობას, ისინი სცემეს, მათგან ითხოვდნენ აღიარებას, რომ თითქოს მათ ნამდვილად ჩაიდინეს ის ქმედება, რომელსაც მას ედავებიან,"- განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე უბანზე მომხდარ ინციდენტზე 6 პირი დააკავესშს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის მტკიცებით, დაკავება კანონის შესაბამისად მოხდა.

"პოლიცია მოქმედებდა კანონის ფარგლებში, სასამართლო განჩინების საფუძველზე. არსებობს სატელეფონო გასაუბრების ოქმები, რომელიც შეგვიძლია, გამოვაქვეყნოთ. როდესაც ეს პირები გადაიყვანეს იზოლატორში, 4-საათიან ვადაში ყველა ოჯახი იყო გაფრთხილებული, რომ ეს პირები დააკავებულები იყვნენ და იცოდნენ მათი ადგილსამყოფელი. რაც შეეხება დაკავებულებს, ყველა ეს პირი არის იდენტიფიცირებული, როგორც მონაწილეები და ამის შესახებ არსებობს ამის უტყუარი მტკიცებულებები. გარდა ამისა, ერთმა პირმა პოლიციის სპეცრაზს გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა, ადგილი ჰქონდა თავდასხმას პოლიციელებზე"- განაცხადა ხუციშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, ქართული ოცნება სპეცრაზმის და დაშინების საშუალებით ცდილობს მეორე ტურის მოგებას. 

კომენტარები