სტარტაპები

საკანონმდებლო ცვლილებით, ქრაუდფანდინგ პლატფორმების შექმნა შესაძლებელი გახდება

ytimg.com

თუ სტარტაპ ბიზნესი ან იდეა გაქვთ და გსურთ ინვესტორები ქრაუდფანდინგ პლატფორმების მეშვეობით მოიზიდოთ, საქართველოში ამას ვერ განახორციელებთ. ამის მიზეზი კი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონის მკაცრი მოთხოვნებია, რომლის მიხედვითაც კომპანიებს აქციათა საჯარო შეთავაზების (IPO) გაკეთებისთვის ევალებათ წარადგინონ დეტალური ფინანსური დოკუმენტაცია, რომელსაც სავარაუდოდ ვერცერთი სტარტაპი ვერ წარადგენს. 

არსებული პრობლემის გამოსწორების მიზნით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის შედეგადაც კანონმდებლობით კერძო ქრაუდფანდინგ პლატფორმების შექმნა გახდება შესაძლებელი, რაც დამწყებ ბიზნესმენებს ინვესტორთა მოზიდვის საშუალებას მისცემს. საუბარია ისეთ პლატფორმაზე, რომელზეც სტრატაპები ინვესტორთა მოზიდვის მიზნით საკუთარ წილებს ყიდიან. უცხოეთში ეს გარიგებები ვენჩერული კაპიტალის (Venture Capital) ბაზრებზე ხორციელდება, რომელზეც კომაპნიები ინვესტორებისგან წილის სანაცვლოდ დაფინანსებას იღებენ.  

მთავარი მიზეზი, რის გამოც დღეისთვის ეს შეუძლებელია, არის ის, რომ სტარტაპები დამწყები ბიზნესები არიან, მათში ინვესტირება კი რისკიანია, იმ შემთხვევაში კი, თუ ფასიანი ქაღალდების კანონში ცალკე განისაზღვრება სტარტაპების აქციათა შეთავაზების წესები, ინვესტორებისა და სტარტაპებისთვის ახალი ბაზრის შექმნა შესაძლებელი გახდება. 

"ქრაუდფანდინგთან დაკავშირებით მომზადებულია საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც წლის ბოლომდე წარედგინება საქართველოს პარლამენტს. ეს არის ფასიანი ქაღალდების კანონის ფუნდამენტური ცვლილება, იმისთვის რომ სტარტაპებისთვის იყოს ადაპტირებული წილობრივი სახალხო შეთავაზებებისთვის. საჯარო შეთავაზების გაკეთება და აქციების განთავსება იმდენად რთული არის სტარტაპებისთვის, ის ექვემდებარება ისეთ რეგულაციებს, რომლებსაც ისინი ვერასდროს შეასრულებენ. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული გამოცდილება კანონმდებლობის კუთხით, ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით გადავდგამთ სერიოზულ ნაბიჯებს და ეს იქნება დამატებითი კერძო ინვესტიციები სტარტაპებისთვის, რომელიც საკანონმდებლო დონეზე იქნება რეგლამენტირებული", - ამბობს ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე.

კომენტარები