აშშ - საქართველო

ჯონ მაკკეინი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შეხვდა

Facebook/Sergi Kapanadze

ამერიკელი სენატორები, ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრემი და ემი კლობუჩარი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შეხვდნენ. 

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრების საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

როგორც პარტიის ლიდერები ამბობენ, მათ ამერიკელ სენატორებს რუსეთსა და ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე ესაუბრეს. 

"ტრადიციულად კარგი შეხვედრა გვქონდა საქართველოს დიდ მეგობრებთან, სენატორ მაკკეინთან, გრემთან და კლობუჩართან. ზუსტად ესმით ჩვენი პრობლემები - რუსეთთან ურთიერთობა, ნატოს გაფართოება, შიდა დემოკრატიის გამოწვევები - მათ შორის, რუსთავი 2-ის და პოლიტიკური დევნილების საკითხი. ეს ვიზიტი ღია დემონსტრირებაა საქართველოს მხარდაჭერის, დღევანდელ რთულ რეგიონულ მდგომარეობაში", - წერს ენმ-ის დეპუტატი, სერგი კაპანაძე, თავის Facebook გვერდზე. 

გიგა ბოკერიას თქმით, ბიძინა ივანიშვილისგან ქვეყანას დიდი ზიანი აქვს, თუმცა იმედს იტოვებს, რომ მსგავსი მაღალი დონის პოლიტიკოსების ვიზიტი საქართველოში ხელს შეუწყობს იმას, რომ ქვეყანამ ეს პერიოდი ნაკლები ზიანით გაიაროს. 

"[სენატორების ვიზიტი] ჩვენთვის ამ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია. ძალიან სარისკო საერთაშორისო ვითარებაა [შექმნილი] ყველასთვის, მაგრამ საქართველო განსაკუთრებით სარისკო ვითარებაშია. ახალი ადმინისტრაციაა შეერთებულ შტატებში, რომლის პოლიტიკაც ჯერ მკაფიოდ არ არის გამოკვეთილი და საქართველოს დიდი ხნის მეგობრების და ასეთი გავლენიანი, მკაფიო ხედვის ადამიანების ვიზიტი აღმოსავლეთ ევროპაში, საქართველოსა და ბალტიისპირეთში ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია. პირველ რიგში, მთავრობის, მაგრამ ჩვენიც, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციის, ვალია, რომ მათ გავაცნოთ ჩვენი ხედვა იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს - რომელიც მოდის რუსეთისგან და ქვეყნის შიდა პროცესებზე, რომელიც ხშირად ურთიერთკავშირშია რუსეთის საფრთხესთან - და სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი", - ამბობს ენმ-ის დეპუტატი, გიგა ბოკერია. 

ჯონ მაკკეინის თქმით, ის მხარს დაუჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას და ასევე, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლების საკითხიც. 

"კარგი შეხვედრა გვქონდა ჩვენს მეგობრებთან, ოპოზიციურ მხარესთან, ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს ენერგიულ პოლიტიკურ კლიმატს ძლიერი ოპოზიციითა და თავისუფალი მედიით. ჩვენ მხარდაჭერას გამოვხატავთ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ, მხარს ვუჭერთ თავისუფალ ვაჭრობას საქართველოსთან და მხარს ვუჭერთ საქართველოში NATO-ს წვრთნებს. ჩვენი აზრით, საქართველო არის ძლიერი პარტნიორი და მეგობარი. მადლობელი ვართ იმ წარმოუდგენელი სიმამაცისა, რომელიც ახალგაზრდა ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში გამოიჩინეს", - თქვა ჯონ მაკკეინმა.

საქართველოში ვიზიტამდე სენატორები 30-31 დეკემბერს უკრაინაში იმყოფებოდნენ, საქართველოს შემდეგ კი, ლატვიას, ლიტვასა და მონტენეგროსაც ეწვევიან.

ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელი სენატორების, ჯონ მაკკეინისა და ლინდსი გრემის და დემოკრატი სენატორის, ემი კლობუჩარის, ვიზიტის მიზანი პარტნიორი ქვეყნების იმაში დარწმუნებაა, რომ ვაშინგტონი რუსეთის აგრესიას წინ აღუდგება.

კომენტარები