აშშ - საქართველო

პრეზიდენტი მაკკეინთან შეხვედრაზე: საქართველო ელოდება მეტ მხარდაჭერას აშშ-სგან

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი მარგველაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ ამერიკელ სენატორებს შეხვდა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული გაღრმავებისა და ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების საკითხებთან ერთად, რეგიონში არსებული უსაფრთხოება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს. 

"განვიხილეთ ჩვენი მდგრადი თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების, ასევე, სამხედრო თანამშრომლობისა და ოპერაციების მხარდაჭერა; ჩვენი მადლიერება და პატივისცემა გამოვთქვით ამ ქვეყნის იმ მამაცი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ავღანეთში თავისუფლებას იცავენ. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი," - განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა.

გიორგი მარგველაშვილმა ამერიკელ პარტნიორებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და საოკუპაციო ზოლის სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა. მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ელოდება მეტ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას აშშ-სგან. 

საქართველოში ვიზიტამდე სენატორები 30-31 დეკემბერს უკრაინაში იმყოფებოდნენ, საქართველოს შემდეგ კი, ლატვიას, ლიტვასა და მონტენეგროსაც ეწვევიან.

ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელი სენატორების, ჯონ მაკკეინისა და ლინდსი გრემის და დემოკრატი სენატორის, ემი კლობუჩარის, ვიზიტის მიზანი პარტნიორი ქვეყნების იმაში დარწმუნებაა, რომ ვაშინგტონი რუსეთის აგრესიას წინ აღუდგება.

კომენტარები