გიორგი ცერცვაძის დაკავება

ვოლსკი ცერცვაძის საქმეზე: კანონით როგორც არის განსაზღვრული, ისე უნდა მოვიქცეთ

გია ვოლსკი
ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ უკრაინაში ქართველი ვიცეპოლკოვნიკის რუსეთის მოთხოვნით დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. რაც შეეხება ხელისუფლების მიმართ ბრალდებებს, რომ ჯარისკაცის პერსონალური ინფორმაცია ოკუპანტ სახელმწიფოს გადასცეს, დეპუტატის თქმით, "კანონით როგორც არის განსაზღვრული, ისე უნდა მოვიქცეთ".

"არც ოკუპანტ, არც სხვა ქვეყანას არ შეიძლება გადასცე. კანონით როგორც არის განსაზღვრული, ისე უნდა მოვიქცეთ. კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით არა ვარ საქმის კურსში", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ქართველი ჯარისკაცი, გიორგი ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის მოთხოვნით დაკავებულია და კიევის ციხეში ზის. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართველი სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან აღმოჩნდა. ცერცვაძეს რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წელს გამოცხადდა.

ბრალდებებისთვის ამ დრომდე არც ერთ უწყებას არ უპასუხია. ტაბულა შეეცდება მათთან დაკაშირებას და ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

 

კომენტარები