სტრასბურგის სასამართლო

ბესელია: მოსამართლეთა შესარჩევ კომიტეტს აქვს ახალი და ძალიან მაღალი სტანდარტები

ტაბულა

ქართული ოცნების წევრი ეკა ბესელია ევროსაბჭოს მიერ სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების არდამტკიცებას "ახალი და ძალიან მაღალი სტანდარტებით" ხსნის. მან სატელეფონო კომენტარი ტელეკომპანია იმედს მისცა.

"[ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ] კომიტეტს აქვს ახალი და ძალიან მაღალი სტანდარტები. ეს ახალი სტანდარტები გულისხმობს იმას, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურები კომიტეტისთვის, რაც სასამართლოში მოსამართლეთა გამწესებას ეხება. საბოლოოდ, კომიტეტმა ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, ჩათვალა, რომ უმჯობესი იქნება, თუ თავიდან იქნება განხილული შიდაეროვნულ დონეზე ახალი სიის წარდგენის პროცედურა და ხელახლა წარედგინება კომიტეტს. სასურველია, თუ ეს აპრილის სესიამდე მოხდება", - თქვა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლის პოსტზე წარდგენილი სამივე კანდიდატურა ევროსაბჭომ ჩააგდო. მოსამართლეობის კანდიდატების სია ასე გამოიყურებოდა: ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი ბადაშვილი. მოსამართლეებს ევროსაბჭოს 1-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს - ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ეწურება.

კომენტარები