ბლოგი

პედოფილია, მეუფე სერაფიმე და საეკლესიო წყლულები

9 თვეზე მეტი გავიდა მას მერე, რაც მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიიდან მოულოდნელად გათავისუფლდა. ეპარქია, რომელსაც მღვდელმთავარი 21 წლის მანძილზე მართავდა, ქორეპისკოპოს თეოდორე ჭუაძეს დროებით გამგებლობაში გადაეცა. მიუხედავად მრავალი პასუხგაუცემელი კითხვისა, რომელიც ტაძარში შეკრებილ მორწმუნეებს ჰქონდათ, ქორეპისკოპოსი ამბიონზე ავიდა, მიტროპოლიტი სერაფიმეს წასვლის გარემოებები არ განმარტა, მომხდარი ღვთის ნებით ახსნა და მორწმუნეებს მოუწოდა, მიზეზები არ "ეჩიჩქნათ". დაკვირვებული ადამიანისთვის, მაშინვე ცხადი გახდებოდა: სერაფიმე ჯოჯუას კათედრა იმიტომ არ დაუტოვებია, რომ სამღვდელმთავრო პანაღია ამძიმებდა, შესაბამისად, ეკლესია რაღაცას მალავდა და მრევლის მიმართ მინიმალური პატივისცემაც კი არ გააჩნდა, რომ განმარტებების ღირსად მიეჩნია.

ასე დაიწყო ჩახლართული, ინტრიგებითა და კონსპიროლოგიით სავსე სკანდალი, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციას უზარმაზარი ზიანი უკვე მიაყენა.

პედოფილია - სიტყვა, რომელსაც საპატრიარქო კათოლიკე ეკლესიის, ლგბტ ჯგუფისა და "გარყვნილი დასავლეთის" მარგინალიზაციისთვის იყენებს, ახლა საეკლესიო სხეულის ბნელ და დახურულ სენაკებს მისწვდა და შოკისმომგვრელი ეფექტი იქონია იმ მორწმუნეების რწმენასა და ფსიქოლოგიაზე, რომელთაც წლების განმავლობაში ასწავლიდნენ, რომ სასულიერო პირი უპირობო და ლამის უცოდველი ავტორიტეტია.  

ყველაფერი კი იმიტომ მოხდა, რომ კანონი არ კანონობს და რჯული არ რჯულობს. 

გასული წლის აპრილში, გვიან საღამოს, რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ, რაც ტაბულამ მიტროპოლიტის წასვლის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, გავლენიანმა სასულიერო პირმა დამირეკა და მღვდელმთავრის წასვლის გარემოებებს მომიყვა. ბუნებრივია, შევთავაზე, ყველაფერი ხმამაღლა ეთქვა. მან, როგორც მოსალოდნელი იყო, საჯაროდ საუბარზე უარი განაცხადა.

მაშინ პირველად გავიგე ვერსია, რომ საქმე არც კორუფციას ეხებოდა და არც სხვა მღვდელმთავრებთან დაპირისპირებას, რასაც ადვილად ივარაუდებს ეკლესიის შიდა სამზარეულოში მეტ-ნაკლებად ჩახედილი ადამიანი. წყარო ამბობდა, რომ მიტროპოლიტს ბორჯომში მცხოვრები არასრულწლოვანი გოგონას ოჯახის წევრები "მიუვარდნენ" და ბრალი დასდეს, რომ ის ბავშვთან სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდა. ცხადია, დავრეკე მიტროპოლიტთანაც. მის ტელეფონს მღვდელმა უპასუხა, რომელმაც განმიცხადა, რომ მეუფე მონასტერშია და კომენტარს არ აკეთებს.

ამის შემდეგ, ჩვენ გავიგეთ, რომ მეუფე სერაფიმე ათონის მთაზე წავიდა. საჯაროდ ცნობილი არ გახდა, მაგრამ გავიგეთ ისიც, რომ დროებით მას მღვდელმოქმედების უფლებაც შეუჩერდა - როგორც შემდეგ გაირკვა, ოჯახის გასაჩუმებლად.

სანამ ბორჯომ-ბაკურიანის მრევლის ნაწილი მიტროპოლიტის ათონური ვოიაჟის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში დაატარებდა, მრავალი თვის განმავლობაში, ჩამოვიარე ყველა წყარო, რომელსაც შეეძლო, ინფორმაცია მოეცა. ვესაუბრეთ სავარაუდო მსხვერპლის ოჯახსაც, რომელიც დუმილს ამჯობინებდა და საპატრიარქოში გვამისამართებდა (რაც, იმას ნიშნავდა, რომ ბრალდებები მართლაც ჰქონდა). საპატრიარქოდან საჯარო ინფორმაციის გამოტანა კი, მოგეხსენებათ, უფრო რთულია, ვიდრე ოფიციალური ფხენიანის კომენტარის მოპოვება.

ძიების პროცესში, ყველა ერთსა და იმავე ამბავს ყვებოდა - განსხვავებული დეტალებით, მაგრამ სხვადასხვა მიზნითა და ინტერესით. საჯაროდ საუბარზე თანხმობას არც ერთი აცხადებდა. ყურადღების ღირსია ისიც, როგორი შემაძრწუნებელი და სამარცხვინო მდგომარეობა გამოვლინდა მოკვლევის პროცესში. წაქცეული მიტროპოლიტის მიმართ ბრალდებების პალიტრა იმდენად შემზარავად გამოიყურებოდა, რომ მეტ-ნაკლებად რეალისტური ვერსიის დაჯერებაც გაჭირდა. მრავალს უნდოდა, მეუფე სერაფიმესთვის, ის მღვდელმთავარიც ჩაეტანებინა საფლავში, რომლის მიმართაც წყენა ჰქონდა - ამიტომ, ყვებოდნენ ისტორიებს, რომელშიც არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე მღვდელმთავარი იყო გარეული. საქართველოს ეკლესიაში დღეს არსებული მდგომარეობა იმგვარია, რომ წყაროსგან მიღებული ინფორმაციის გადასამოწმებლად დიდი დროისა და ენერგიის გაღება გჭირდება. როცა ვინმე რაღაცას გიყვება, უნდა იცოდე, მის უკან რომელი ინტერესთა ჯგუფი დგას და რა სჭირდება. მაშინ კიდევ ერთხელ დავსვი კითხვა: "თავისიანს რომ ასე უაპელაციოდ უთხზავენ ისტორიებს, სხვებს რას უზამენ"?.

მეორე პრობლემას ის წყაროები ქმნიდნენ, რომლებიც ბრალდებას საერთოდ უარყოფდნენ და მარწმუნებდნენ, რომ პრეტენზიის მქონე ოჯახი საერთოდ არ არსებობს ("აბა, მე ვის ველაპარაკე?" - ვკითხე ერთ-ერთ მათგანს - "არ ვიცი, ვის ელაპარაკე“ - იყო პასუხი).

კონსპიროლოგიის გაცხრილვას დიდი დრო მოვანდომე, მაგრამ, მოგეხსენებათ, არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადდეს.

საბოლოოდ, ყველაფერი იქამდე დაიწურა, რომ ბრალდება ნამდვილად არსებობს, საპატრიარქოში ის იციან - უბრალოდ, შესაძლო სავარაუდო მსხვერპლის ოჯახი არ ახმაურებს, რადგან, ჯერ კიდევ აქვს წმიდა კანცელარიის სულიერების თუ არა, გონიერების იმედი მაინც. გარდა ამისა, ადვილი გასაგები იყო, რომ ოჯახი არასრულწლოვანს საჯარო სკანდალისა და სიბნელის თავდასხმისგან იცავდა. მრავალი საუბრისა და დახარჯული დროის შემდეგ, ბრალდების კონტურები გამოიკვეთა: მიტროპოლიტი არასრულწლოვან გოგონას, რომელიც საზღვაო კურორტზე იმყოფება, ეროტიკული შინაარსის მესიჯს სწერს, რასაც გოგონას დედა პოულობს და მოქმედებაზე გადადის. ამ ვერსიის არსებობას ადასტურებენ ისინიც, ვისაც მეუფე სერაფიმეს უდანაშაულობის სჯერა.  

მთელი ეს ნარატივი, თავისთავად, იმდენად მძიმეა, რომ ჟურნალისტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს მის ხსენებასაც კი. საუბრის წამოწყება იქამდე, სანამ შესაძლო მსხვერპლის ოჯახი არავითარ სიგნალს არ იძლევა, ნიშნავს, აიღო პასუხისმგებლობა იმგვარი, თუნდაც მინიმალური ეჭვის გაჩენაზე, რამაც შესაძლოა ადამიანის რეპუტაციისთვის დამღუპველი ეფექტი იქონიოს. (იხ. ფილმი - ეჭვი). მე კი, განსხვავებით იმ მღვდლებისა თუ მღვდელმთავრებისგან, რომელთაც ერთი სული ჰქონდათ მიტროპოლიტი სერაფიმესთვის გამოუძიებლად დაედოთ ბრალი, თავად კი ხელები დაებანათ, ასეთი ინტერესი არ გამაჩნდა.

ვერც ერთი სასულიერო პირის საჯაროდ ალაპარაკება ვერ მოვახერხე. ყველას სურს, ისევ შენ იყო მტერი, ისევ შენ აიღო პასუხისმგებლობა, ისევ შენ გამოააშკარავო ის, რაც, შესაძლოა, მისი ეკლესიის "მეოთხე სტადიის სიმსივნედ" გადაიქცეს. არავის სჭირდება ზედმეტი პრობლემა. თან, ხომ არ ფიქრობთ, რომ ვინმე გამოგექომაგებათ, "რო რამე?“ - არავინ.

თვეების განმავლობაში, ეთიკური სიფრთხილიდან გამომდინარე, არ მისაუბრია ბრალდების შინაარსზე, თუმცა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, მას მერე, რაც მედიამ ბრალდება აღმოაჩინა და მასზე დაწერა, ჟურნალისტური გამოძიების დასრულებამდე გაჩუმება აზრსმოკლებული გახდა. გარდა ამისა, "სამხრეთის კარიბჭესთან" ინტერვიუში, შესაძლო მსხვერპლის დედამ დაადასტურა, რომ მას ასეთი ბრალდება ნამდვილად გააჩნია.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჩვენ არ ვიცით და ობიექტური გამოძიების ჩატარებამდე, არც შეიძლება ვიცოდეთ, არის თუ არა ბრალეული მიტროპოლიტი სერაფიმე არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების მცდელობაში. სამაგიეროდ, დანამდვილებით ვიცით, რომ ბრალეულია ყველა, ვის მოვალეობაშიც ამ მძიმე ბრალდების გამოძიება შედიოდა და მიჩქმალა.

ბრალეულია საქართველოს ეკლესიის უმაღლესი იერარქია, რომელსაც არასრულწლოვნის ოჯახის წევრები შეხვდნენ და ნაცვლად საეკლესიო სასამართლოს დაუყოვნებლივ მოწვევისა, რომლის ფუნქციასაც წმიდა სინოდი ითავსებს, ნაცვლად პროკურატურისთვის შესაძლო დანაშაულის შეტყობინებისა, ოჯახს ცრუ დაპირებები მისცა, გააჩუმა და მიტროპოლიტი ათონზე გააპარა. შემდეგ კი, ყველასთვის მოულოდნელად, სინოდალური დადგენილების გარეშე, ავსტრიისა და გერმანიის ეპარქიაში გზავნიდნენ, ისე, რომ ჭეშმარიტება დადგენილი არ ჰქონდათ. რომ არა ავსტრიისა და გერმანიის ეპარქიის მღვდლებისა და საეროების საჯარო განცხადება, სადაც ისინი უარს აცხადებდნენ, მიეღოთ მიტროპოლიტი სერაფიმე, შესაძლოა, მოზარდზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მღვდელმთავარს, ისე ჰქონოდა შეხება არასრულწლოვნებთან, რომ ჩვენ ის ჯერაც ათონზე გვგონებოდა - რადგან საპატრიარქოს მისი ახალ ეპარქიაში გადაყვანის შესახებ განცხადების გავრცელებაც არ უკადრია, ჩვენი მედია კი ზარმაცი და არაკომპეტენტურია.

კვლავაც ვიმეორებ, ჩვენ არ ვიცით, ჩაიდინა თუ არა საერო თვალსაზრისით კრიმინალი და სასულიერო თვალსაზრისით - უმძიმესი ცოდვა, მიტროპოლიტმა სერაფიმემ, მაგრამ ფაქტი, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებულია, დამდგარია. ფაქტია ისიც, რომ საქართველოს საპატრიარქო და მისი ქორეპისკოპოსები, წმიდა სინოდთან ერთად, შესაძლო დანაშაულს მალავენ.

კათალიკოზის ოფისი ამ დრომდე არ აქვეყნებს არც ერთ განცხადებას, რომელიც ნათელს მოჰფენდა სიტუაციას. საპატრიარქო არ პასუხობს ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს.

როგორი უპასუხისმგებლო და, მეტიც, სასტიკი უნდა იყოს საეკლესიო ინსტიტუტი, რომელიც მძიმე ბრალდების გამოკვლევის გარეშე, მოზარდზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მღვდელმთავარს, ახალ ეპარქიაში, ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ადამიანებთან გზავნის. საპატრიარქოსთვის, როგორც სჩანს, სულ ერთია, რამდენ ბავშვს დააყენებს რისკის ქვეშ, სულ ერთია, დარჩება თუ არა დანაშაული დაუსჯელი - მისთვის მთავარი მხოლოდ იმიჯისა და ფორმალური "უშფოთველობის" შენარჩუნებაა, რომ მომავალში "წმინდა მამების" ყულაბებში უფრო მეტი ფული აჩხრიალდეს, ვიდრე აქამდე ჩხრიალებს.

უპასუხისმგებლო, სამარცხვინო, გულგრილი და საეკლესიო კონიუნქტურის მონაა საქართველოს სახელმწიფოც, რომელმაც ამ დრომდე გამოძიება არ დაიწყო. სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საქმეზე მოკვლევა, შეინარჩუნოს ოჯახის კონფიდენციალურობა და დაადგინოს ჭეშმარიტება. მნიშვნელობა არ აქვს, რა სურს ოჯახს - საქმე ეხება სასიცოცხლოდ აუცილებელ პრევენციასა და არასრულწლოვანს.

გარდა ამისა, ინფორმირებული წყარო საპატრიარქოდან ადასტურებს, რომ აქციების დაგეგმვის პარალელურად, რომელიც ბორჯომში მიტროპოლიტ სერაფიმეს მხარდასაჭერად გაიმართა, შესაძლო მსხვერპლის ოჯახი კიდევ ერთხელ მივიდა საპატრიარქოში და ის სატელეფონო მესიჯები წარმოადგინა, რომელიც, წყაროს ინფორმაციით, მეუფე სერაფიმემ ოჯახს გაუგზავნა და სადაც, ამავე ინფორმაციით, ის ბოდიშს იხდის, აღიარებს რა დანაშაულს. უნდა ვთქვა, რომ მიტროპოლიტის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორებიც მართლები არიან, როცა ხელს საპატრიარქოსკენ იშვერენ.

თუ მიტროპოლიტი სერაფიმე უდანაშაულოა, რისი ცოდნაც გამოძიების დაწყება/დასრულებამდე შეუძლებელია, მისი რეპუტაციის განადგურებაში ბრალი სწორედ საპატრიარქოსა და სახელმწიფოს მიუძღვის, რომელთაც, პრობლემის მიჩქმალვა ამჯობინეს, რითაც გზა გაუხსნეს შემზარავ ეჭვებსა და მითქმა-მოთქმას. სამწუხაროდ, საპატრიარქომ ვერ ისწავლა კათოლიკე ეკლესიის უარესი გამოცდილებისგან - რომ დღეს თუ არა, ხვალ, გამოგთხრიან და გაგთქვამენ.

ამ ყველაფრიდან ჩვენ კიდევ ერთი, სამწუხარო ფაქტი შევიტყვეთ - საქართველოს საპატრიარქოს, რომელიც ხშირად გვევლინება "ბავშვების მავნე ზეგავლენისგან" დამცველად, შეუძლია მოზარდზე სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტის მიჩქმალვა. დიახ, თუ საქართველოს ეკლესიაში მართლაც ჰქონია, აქვს ან ექნება ადგილი პედოფილიის შემთხვევებს, საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ მას არ ჩქმალავდნენ, ჩქმალავენ ან მიჩქმალავენ? საიდან ვიცით, რომ დღეს, მრავალი ბავშვი, სასულიერო დასის რომელიმე წარმომადგენლის სექსუალური ძალადობის ქვეშ არ ცხოვრობს? როგორ გამოვრიცხოთ ეს? ვერ გამოვრიცხავთ და ეს შემზარავია.

იმოქმედეთ, სანამ გუმბათები ჩამოგქცევიათ.

კომენტარები