საყოველთაო დაზღვევა

მინისტრი: კერძო და სახელმწიფო დაზღვევა გაიმიჯნება, დაივიწყონ სადაზღვევოებმა ეს თემა

დავით სერგეენკო
ტაბულა

"სახელმწიფოს მიერ მიღებული დადგენილება არ შეიცვლება, სადაზღვევო კომპანიებს შეუძლიათ დაივიწყონ ეს საკითხი", - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო 2017 წლის 9 თებერვალს მიღებულ დადგენილებაზე, რომლითაც საყოველთაო ჯანდაცვისა და კერძო დაზღვევის პაკეტები გაიმიჯნება. ცვლილებას ოპოზიცია და სადაზღვევო კომპანიები ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ ის 150 ათას ადამიანს დააზარალებს. 

დადგენილების მიხედვით, ის პირები, ვინც 2017 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ნებისმიერი ტიპის კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობს, პირველი მარტიდან ავტომატურად ამოვარდებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან. მეტიც, ეს ადამიანები პროგრამას ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დატოვებენ. 

"2013 წელს მიღებული იყო გადაწყვეტილება, როცა კერძო დაზღვევის მონაწილეები გაემიჯნენ საყოველთაო დაზღვევის მონაწილეებს და უკვე შეიქმნა მოძველებული ბაზა. მაშინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ სადაზღვევო კომპანიებს მთავრობისთვის უნდა წარედგინათ 2013 წლამდე არსებული ბაზები, თუმცა ეს არ მოხდა. 2013 წლის შემდეგ უკვე შეიცვალა ძალიან ბევრი რამ. ადამიანების ნაწილმა დაკარგა კერძო დაზღვევა და ვეღარ გახდა საყოველთაო დაზღვევის მონაწილე. რეალურად ისინი არიან დისკრიმინებული ადამიანები და ამ ყველაფრის მიზეზი განუახლებელი ბაზები იყო. თუმცა არსებობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ კერძო დაზღვევა და გახდნენ საყოველთაო დაზღვევის მონაწილეები. შემდგომ შეიძინეს კერძო დაზღვევა და ორივე ფინანსური უზრუნველყოფა გააჩნდათ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სადაზღვევო კომპანიებს ჩვენთვის უნდა მოეწოდებინათ განახლებული ბაზები. ჩვენ მათ მივმართავდით თხოვნით, წერილობით, ყველანაირი ფორმით, თუმცა განახლებული ბაზები არ მოგვაწოდეს", - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო პაკეტით დაახლოებით 550 ათასი ადამიანი სარგებლობს, აქედან 400 ათასი - სრული პაკეტით, 150 ათასს კი შერეული ტიპის, ეგრეთ წოდებული დაშენებული სისტემის სადაზღვევო პაკეტები აქვს. ცვლილებების შედეგად სწორედ ეს 150 ათასი ადამიანი დაზარალდება, რადგანაც ამ ტიპის კერძო სადაზღვევო პაკეტი ნაწილობრივია და ბენეფიციარი მას საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტთან ერთად იყენებს. 

"შერეული ტიპის" სადაზღვევო პროგრამები იმ ტიპის ჯანდაცვის პაკეტებია, რომლებიც ფარავენ სერვისებს, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულად არ აფინანსებს (ამბულატორიული მკურნალობა, მედიკამენტები, სტომატოლოგია და სხვა). ეს დაზღვეულები პირველი მარტის შემდეგ დარჩებიან კატასტროფული ხარჯების დაფინანსების გარეშე, რომლებიც მაგალითად დაკავშირებულია ჰოსპიტალურ და ონკოლოგიურ სამედიცინო სერვისებთან. არსებული მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მეტ-ნაკლებად სრულად ფარავს მსგავსი ტიპის ხარჯებს. შესაბამისად, პირველი მარტის შემდგომ, 150 ათასი ადამიანი ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზისური ნაწილის გარეშე დარჩება.

დაგეგმილ ცვლილებებს საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციაში აპროტესტებენ და მის შეჩერებას მოითხოვენ.

კომენტარები