ბლოგი

კულტურის ნევროლოგია და პოლიტიკური სპექტრი

ოდესღაც, გვალვისგან გადამხმარ, უნაყოფო და მტრულ მიწაზე ცხოვრობდნენ პითეკანთროპები, არსებობისთვის ულმობელ ბრძოლაში დამარცხებისთვის განწირული ცხოველები. მუდმივი შიმშილის, წყურვილის და მტაცებლების თავდასხმების გამო მათი რიცხვი ყოველდღიურად იკლებდა. მალე გადაშენდებოდნენ კიდეც, ერთ ღამეს ქვაზე ლითონის შეხების უცნაურ ღრჭიალს რომ არ დაერღვია მათი ძილი.

დილას პითეკანთროპებმა აღმოაჩინეს, რომ გამოქვაბულის წინ ახალი საგანი - უზარმაზარი, მართკუთხა ფორმის მონოლითი აღმართულიყო. ამ დღიდან მოყოლებული, ყოველ საღამოს დოლის რიტმული ხმების ფონზე მონოლითის მისტიკური გამოსახულებები მათ აღქმასა და ქცევაზე უცნაურ ცდებს ატარებდა. ერთხელ, მორიგი რიტუალის შესრულებისას პითეკანთროპი სახელად მთვარის შემყურე ძირს დაიხარა, წვეტიანი ქვა მოიხელთა, გათავხედებულ გარეულ ღორს თავში ჩაარტყა და სული გააფრთხობინა.

კრისტალური ლოდი ერთ დღეს ისევე მოულოდნელად გაქრა, როგორც გაჩნდა. პითეკანთროპებს ის მალე სრულებით გადაავიწყდათ, თუმცა მან მათი ცხოვრება დრამატულად შეცვალა. ამიერიდან ისინი თამამად იყენებენ პრიმიტიულ იარაღებს საკვების მოსაპოვებლად და თავის დასაცავად, არც ლეოპარდის თავდასხმის ეშინიათ და სხვა, უფრო დიდ მხეცებზე ნადირობასაც ბედავენ. შიმშილის, შიშის და გადარჩენისთვის უნაყოფო ბრძოლის ეპოქა დასრულდა.

გავიდა ხანი, მათ დაიმორჩილეს ცეცხლი და გამოიგონეს ენა, რომლის საშუალებითაც თავის მიგნებებსა და აღმოჩენებს შემდეგ თაობებს მარტივად გადასცემდნენ. ქვა შეცვალა ბრინჯაომ, ბრინჯაო რკინამ, და ასე შემდეგ. ცხოველებმა ზეპირი აზრი ქვაზე ამოკაწრეს, ისწავლეს მიწის დამუშავება, ააშენეს სოფლები და ქალაქები, გამოიგონეს მუსიკა, ფილოსოფია და მეცნიერება. ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს მათი იდეები, მიზნები და განცდები უსასრულოდ დაშორდა მათ თავდაპირველ მდგომარეობას; თუმცა ეს მხოლოდ ილუზიაა.

თითქოს რა საერთო უნდა ჰქონდეს განცდას, რომელიც გაძვალტყავებულ მთვარის შემყურეს ეუფლებოდა ხოლმე, იმ გრძნობასთან დოქტორ ჰეივუდ ფლოიდს რომ იპყრობს ხოლმე მარსზე გამგზავრების წინ. სინამდვილეში ორივე ერთი და იგივე რამ არის - სამყაროს წინაშე უსუსური მაიმუნის სევდა.

ასე გვიყვება კულტურის წარმოშობის ისტორიას ართურ კლარკი თავის გენიალურ ნაწარმოებში „კოსმოსური ოდისეა 2001“. უცნობი წარმომავლობის მონოლითმა ბიძგი მისცა პროცესს, რომელმაც დარვინისეული ევოლუციის ნელი ნაბიჯებით მიმავალი სახეობა, კულტურული ევოლუციის “ლამარკიანულ” ლიანდაგზე გადაიყვანა, რამაც სრულიად ახალ შესაძლებლობას გაუხსნა გზა.

ჩვენ ვცხოვრობთ ფიზიკური ნაწილაკების სამყაროში, ამ ნაწილაკებიდან ზოგიერთი ქიმიური მოლეკულების სახეს იძენს, ეს ქიმიური მოლეკულები დასაბამს აძლევს ცოცხალ, ბიოლოგიურ სისტემებს. შემდგომი ევოლუციის პროცესში, მილიარდობით ნეირონის მიერ შესრულებული არაცნობიერი ელექტროქიმიური სიმფონიის ფონზე, ზოგ ბიოლოგიურ სისტემაში, ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზების გამო, ცნობიერება აღმოცენდა. ერთ-ერთმა ცნობიერმა სისტემამ შექმნა კულტურა, ხელოვნური კოსმოსი ბუნებრივი სამყაროს შიგნით, რეალობის სრულიად ახალი, უნიკალური განზომილება. ახლა ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელშიც ატომები, ხვლიკები და შავი ხვრელები თანაარსებობენ ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიასთან, უოლტ უიტმანის ლექსებთან და იმპრესიონისტების შედევრებთან.

როგორ და როდის დაიწყო ეს ყველაფერი სინამდვილეში? ნამდვილი ისტორია არაფრით ჩამოუვარდება კლარკის ფანტაზიას. ცნობილია, რომ ჰომინინის ტვინმა თავის დღევანდელ ზომას და პოტენციალს 300 000 წლის წინ მიაღწია. ამის მიუხედავად, ბევრი უნიკალურად ადამიანური თვისება-იარაღების დამზადება, ცეცხლის გამოყენება, მუსიკა, ენა და სხვა-მოგვიანებით, დაახლოებით 75 000 წლის წინ გაჩნდა. რას აკეთებდა ტვინი მანამდე?

1990-იანებში, ნეირობიოლოგმა ჯაკომო რიზოლატიმ, მაიმუნების მოტორული ნეირონების შესწავლისას აღმოაჩინა, რომ ზოგიერთი ნეირონი იგზნებოდა არა მხოლოდ მაშინ, როცა მაიმუნი რამე მოქმედებას ასრულებდა, არამედ მაშინაც, როდესაც ის აკვირდებოდა სხვა მაიმუნს, იმავე მოქმედების შესრულებისას. ამ უცნაურ ნეირონებს სარკისებური ნეირონები უწოდეს. ისინი ერთ მაიმუნს მეორე მაიმუნის ქცევის და განზრახვების პროგნოზის შესაძლებლობას აძლევს, რაც ისეთ სოციალურ ცხოველებში როგორიც პრიმატებია, ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩემს ტვინში ის ნეირონები აიგზნენ, რომლებიც იმ შემთხვევაში აიგზნებოდნენ, თუ მე ბანანის ასაღებად გავწევდი ხელს, ესეიგი ის მაიმუნიც ბანანის აღებას აპირებს თავისი ხელით.“ -ეს არის შეტყობინება, რომელსაც სარკისებური ნეირონები აძლევენ ტვინის უფრო მაღალ რეგიონებს (Higher Brain Regions). სარკისებური ნეირონების საშუალებით ერთ ორგანიზმს მეორე ორგანიზმის გონების იმიტაცია, ვირტუალური სიმულაცია შეუძლია.

მაიმუნების მიმბაძველობაზე ყბადაღებული შეხედულების მიუხედავად ადამიანები გაცილებით უკეთესი „მაიმუნები“ ვართ. დაბადების პირველი საათებიდან ჩვენ გვაქვს იმიტაციის გასაოცარი ნიჭი. გაუღიმეთ პატარა ბავშვს, ენა გამოუყავით, ლოყები გაბერეთ, წარბები აზიდეთ, უმეტესობა მათგანი გაიმეორებს. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ამ უაღრესად ადამიანური თვისების დამსახურებაა კაცობრიობის თვალის მომჭრელი მოგზაურობა პალეოლითის ხანის ფლეიტის ხმებიდან თანამედროვე მუსიკამდე, შემგროვებელ მონადირეთა პრიმიტიული ტომებიდან თანამედროვე ლიბერალურ დემოკრატიამდე, მითოლოგიური წარმოდგენებიდან ფიზიკის მეცნიერებამდე. დროსა და სივრცეში გაფანტული უთვალავი იდეის, შთაგონების, თავგადასავლის და ვნების მღელვარე ოკეანის არსებობა შესაძლებელია მხოლოდ იმიტომ, რომ სიცოცხლის განვითარების ერთ-ერთ ეტაპზე გაჩნდნენ იმიტაციის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული მაიმუნები.

ქცევითი ნევროლოგის, ვილიანურ რამაჩანდრანის დამაჯერებელი ჰიპოთეზის თანახმად დაახლოებით 70 000 წლის წინ, ჩვენი წინაპრების ტვინში გაჩნდა სარკისებური ნეირონების დახვეწილი სისტემა, რომლის საშუალებითაც ერთ ინდივიდს შეეძლო როგორც სხვისი განზრახვების ამოცნობა, ასევე მისი ქცევის იმიტაცია, მიბაძვა. სწორედ ამ ბაზაზე წარმოიშვა და განვითარდა ენა, რომელიც იმიტაციის უნართან ერთად კულტურული ტრანსმისიის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია. იმიტაციის უნარი და მოგვიანებით კი ენის განვითარება ნიშნავდა შემდეგს: ნებისმიერი იდეა, მიგნება, აღმოჩენა და სასარგებლო ჩვევა, რომელსაც ინდივიდი ცხოვრების განმავლობაში წააწყდება და აითვისებს, აღარ დაიკარგება ინდივიდის დაღუპვასთან ერთად, არამედ გავრცელდება როგორც ჰორიზონტარულად - ინდივიდის თანამედროვე პოპულაციაზე ასევე ვერტიკალურად - მომდევნო თაობებზე. შემთხვევითი ცვლილებების და ბუნებრივი გადარჩევის მექანიზმმა დროის დიდ მონაკვეთში შექმნა სიცოცხლის არსებული მრავალფეროვნება; კულტურულმა ევოლუციამ კი , მიგნებების იმიტაციის და დასწავლის გზით, დროის მცირე მონაკვეთში მოგვცა უკიდეგანოდ მრავალფეროვანი კულტურა.

რეალობა იერარქიულად და შრეობრივად ორგანიზებული სისტემაა. როდესაც მოვლენებს, საგნებს შორის მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთქმედების სირთულე აღწევს გარკვეულ დონეს, სრულიად ახალი ტიპის თვისებები და ფენომენები ჩნდება. ეს ახალი თვისებები ახასიათებს სისტემას როგორც მთელს, მაგრამ არ ახასიათებს მის შემადგენელ ნაწილებს მთელისგან იზოლირებულად. ამ მოვლენას ემერგენცია (emergence) ეწოდება და საკმაოდ ხშირია ბუნებაში. წყალი თხევადია, მისი შემადგენელი მოლეკულები არა. თხევადობა არის სისტემური თვისება, რომელიც მოლეკულების ურთიერთქმედებაში ჩნდება. მარტივი შემადგენელი ელემენტებისგან უფრო რთული, სისტემური თვისებების წარმოშობის (ემერგენციის) შედეგია ფიზიკის სამყაროში ქიმიის, ქიმიის სამყაროში ბიოლოგის და ბიოლოგიის სამყაროში ცნობიერების და კულტურის გაჩენა. ყოველი ახალი შრე ახალი სამყაროა, თავისი სპეციფიკური კანონებით, ამიტომაც არსებობს მათი შესაბამისი მეცნიერების დარგები, ნაცვლად იმისა რომ ყველაფერს ერთი მეცნიერება იკვლევდეს. მიუხედავად ყოველი შრის შედარებითი დამოუკიდებლობისა, ის მაინც გამონაკლისის გარეშე ემორჩილება ქვედა, მასთან შედარებით უფრო ფუნდამენტური შრის კანონზომიერებებს. მარტივად რომ ვთქვათ, ქიმია, რომელიც ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება ავტომატურად მცდარად უნდა მივიჩნიოთ. რატომ არ გვაქვს მსგავსი მიდგომა კულტურასა და საზოგადოებაზე მსჯელობისას? როდესაც ჩვენს ვსაუბრობთ კულტურაზე ან საზოგადოებაზე, ამ ცნებებში უნდა ვიგულისხმოთ სისტემები, რომლებიც აღმოცენდა ბიოლოგიის წიაღში, კერძოდ ნეირონების იმ ჯგუფის მეშვეობით, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ არჩევენ ერთმანეთისგან „მე“-ს და „სხვას“. კულტურა იმდენადაა მოქცეული ბიოლოგიაში, რამდენადაც ბიოლოგია ქიმიაში.

ამის მიუხედავად, სოციალურ მეცნიერებებში ხშირად შეხვდებით კულტურის, საზოგადოების და ადამიანის ბუნების შესახებ თეორიებსა და წარმოდგენებს, რომლებიც უგულებელყოფს, არ ითვალისწინებს ან უარყოფს ადამიანის ბიოლოგიურ, ევოლუციურ საფუძველს. ამის ნათელ მაგალითად ვფიქრობ გამოდგება ისეთი პოლიტიკური თეორიები, როგორებიცაა უკიდურესი ლიბერტარიანიზმი და კომუნიზმი.

საკუთრების ფლობის ადამიანური სურვილი ვითარდება დამარაგების ინსტინქტის ბაზაზე და ჩვენი არსებობის ისეთივე გარდაუვალი მოცემულობაა, როგორც პოპულაციის მიდრეკილება ჩამოყალიბდეს თვითმართვად სოციალურ სტრუქტურად.

ამავე დროს, ურთიერთდახმარება, კოოპერაცია და ალტრუიზმი ისევეა აღბეჭდილი ჩვენს ტვინებში, როგორც ეგოიზმი და საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებისკენ სწრაფვა. თეორია, რომელიც ითვალისწინებს პირველს და უგულებელყოფს მეორეს (რადიკალური მემარცხენე თეორიები) განწირულია იმისთვის რომ გადავარდეს სოციალურ ინჟინერიაში და ტოტალიტარიზმში. ხოლო თეორია, რომელიც უგულებელყოფს პირველს და აღიარებს მხოლოდ მეორეს, წარმოადგენს საზოგადოების არამეცნიერულ, ხელოვნურ, მცდარ სოციალ-დარვინისტულ მოდელს.

მე არავითარ შემთხვევაში არ ვსაუბრობ ბიოლოგიაზე კულტურის დაყვანის, რედუცირების აუცილებლობის, ბიოლოგიურ დეტერმინიზმის შესახებ. კულტურის კვლევა დამოუკიდებელი უნდა იყოს ბიოლოგიის კვლევისგან, მაგრამ მხოლოდ იმ მომენტამდე სანამ იმავე (ბიოლოგიური) ტოტის მოჭრას დაიწყებს, რომელზეც თვითონ ზის. ადამიანის სოციალურ ქცევის შესწავლისას, აუცილებელია, გავითვალისწინოთ ის ემპირიული მონაცემები რაც ეთოლოგიაში, ევოლუციურ ფსიქოლოგიაში, ნეირობიოლოგიასა და სხვა მომიჯნავე დარგებში დაგროვდა. ერთი შეხედვით რაც არ უნდა მიმზიდველი იყოს რომელიმე ფსევდომეცნიერული უტოპია, თუ ის უგულებელვყოფს ადამიანის სახეობრივ-ევოლუციურ და ბიოლოგიურ- თვისებებსა და თავისებურებებს, ასეთ შემთხვევაში ის არასწორ წანამძღვრებზე დგას და მცდარია. ბაზრის ბრმა ნებას მინდობილი უსახელმწიფო საზოგადოება, რომელშიც ინდივიდი ყველაფრისგან დამოუკიდებელი და ყოველთვის რაციონალურად მოქმედი სუბიექტია, არსებითად ისეთივე შეუძლებელი, არარეალისტური რამ არის, როგორც ეგოისტური, პირად ინტერესებისგან სრულებით დაცლილი ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოება.

კომენტარები