საკონსტიტუციო კომისია

ახალი კონსტიტუცია სამჯერ მეტს ზრუნავს და თითქმის ორჯერ მეტს უზრუნველყოფს

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

საქართველოს კონსტიტუციის პროექტი უკვე გამოქვეყნდა. კონსტიტუციის მოქმედ რედაქციასთან შედარებით ტექსტში თვალსაჩინოა სიტყვების "ზრუნავს" და "უზრუნველყოფს" რაოდენობის ზრდა, რაც სავარაუდოდ ქართული ოცნების უფრო მეტად სოციალურად ორიენტირებულ პოლიტიკას უკავშირდება. კონსტიტუციაში გაჩნდება ახალი მუხლი, რომლის სახელიცაა - "სოციალური სახელმწიფო".

კონსტიტუციის პროექტში ზუსტად სამჯერ უფრო მეტად არის გამოყენებული სიტყვა "ზრუნავს", "უზრუნველყოფს" კი კონსტიტუციის ტექსტში თითქმის ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება.

რის უზრუნველსაყოფად ზრუნავს სახელმწიფო კონსტიტუციის პროექტით:

მოსახლეობის ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა:

"სახელმწიფო ზრუნავს მოსახლეობის ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე"- წერია საქართველოს კონსტიტუციის პროექტში. ეს ჩანაწერი კონსტიტუციის მეხუთე მუხლში გაჩნდება.

ამ დროისთვის უცნობია თუ რა პრაქტიკული შინაარსი გააჩნია ჩანაწერს სახელმწიფო "ზრუნავს მოქალაქის ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე", კონსტიტუციაში დამატებითი მითითება თუ რომელი კანონი არეგულირებს მოსახლეობის "საცხოვრისით უზრუნველყოფას" არ წერია.

რას ნიშნავს სიტყვა "ზრუნვა" და არის თუ არა ის რაიმე უფლება:

"ზრუნვა" თავისი მნიშვნელობით არ ნიშნავს, რომ ზრუნვის საგანი რაიმე სახის უფლებას წარმოადგენს. კონსტიტუციით, ყველა მოქალაქისთვის გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება, საკუთრების უფლება, მემკვიდრეობის უფლება. ზრუნვა კი საერთოდ არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო მოქალაქეს რაიმე უფლებას ანიჭებს. შესაბამისად ჩანაწერი არ გულისხმობს, რომ "ღირსეული საცხოვრებელი" ქვეყანაში ახალი ტიპის უფლებაა. კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, მთავრობის ზრუნვის საგანს წარმოადგენს მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური განვითარება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას რამე დამატებითი უფლებები აქვთ მინიჭებული.

უცნობია რას ნიშნავს "ღირსეული საცხოვრებელი პირობები" და ისიც რა სტანდარტი არეგულირებს მას, ასევე უცნობია ნიშნავს თუ არა ამ მუხლის ჩანაწერი იმას, რომ სახელმწიფო მათ ვისაც არ აქვს "ღირსეული საცხოვრებელი" ამ პირობებს ბიუჯეტის მეშვეობით შეუქმნის.

საყურადღებოა ის გარემოებაც რომ იმ შემთხვევაში თუ მთავრობა დაგეგმავდა ყველა მოქალაქის "ღირსეული საცხორებლით უზრუნველყოფას" სავარაუდოდ კონსტიტუციის პროექტში გარკვეულ მინიშნებას მაინც გააკეთებდა, რომელიმე კანონსა თუ ორგანულ კანონზე, რომლითაც ამ საკითხს დაარეგულირებდა. ასევე სიტყვა ზრუნვის ნაცვლად გამოიყენებდა სიტყვა უფლებას.

საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფა:

"სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით", - წერია კონსტიტუციის პროექტის მეხუთე მუხლში. საარსებო მინიმუმის შესახებ ანალოგიური ჩანაწერი მოქმედ კონსტიტუციაშიც არსებობს.

საარსებო მინიმუმის ჩანაწერის მოქმედ კონსტიტუციაში არსებობის მიუხედავად, სახელმწიფო სოციალური გასაცემლები (პენსიები, კომპენსაციები, დევნილობის შემწეობა და სხვა) პირდაპირ საარსებო მინიმუმზე არაა ინდექსირებული. გასული წლების მანძილზე ხშირი იყო შემთხვევები, რომ ხანდაზმულობის პენსია საარსებო მინიმუმს ჩამოუვარდებოდა. დღესაც, მაგალითად მეორე ჯგუფის ინვალიდობის პენსია საარსებო მინიმუმზე 69 ლარითაა ნაკლები და 100 ლარს შეადგენს, აღნიშნული თანხა კი ათასობით მოქალაქის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. ეს მაგალითიც მიანიშნებს იმაზე, რომ "ზრუნვა" ახალი უფლების მინიჭებას არ გულისხმობს.

მოქალაქის დასაქმებაზე ზრუნვა:

"სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში", - ეს ჩანაწერი უნდა გაჩნდეს კონსტიტუციის მეხუთე მუხლში. კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში კი წერია: "სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში".

მოსახლეობის ჯანდაცვაზე ზრუნვა:

"სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე", - წერია კონსტიტუციის პროექტში.

მოქმედ კონსტიტუციაში კი ჯანდაცვის საკითხი განსხვავებულად არის ფორმულირებული - "კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება". 

საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა:

"კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისგან",- წერია კონსტიტუციის პროექტის მეჩვიდმეტე მუხლში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში საერთოდ არ გვხდება. 

მეწარმეობის თავისუფლების უზრუნველყოფა:

"მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია",- წერია კონსტიტუციის პროექტში. მის მოქმედ რედაქციაში კი წერია - "სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას".

კომენტარები