საყოველთაო ჯანდაცვა

მაისიდან მაღალშემოსავლიანი მოქალაქეები საყოველთაო ჯანდაცვიდან ამოვარდებიან

ტაბულა

პირებს, ვისაც თვეში 3.3 ათას ლარზე მეტი შემოსავალი, ანუ წლის მანძილზე 40 ათას ლარზე მაღალი შემოსავალი აქვთ, პირველი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა აღარ შეეძლებათ. მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების მიხედვით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები წარადგინა, რომელიც პრაქტიკულად ყველა მოქალაქეს შეეხება. დაგეგმილი ცვლილებებით, ერთმანეთისგან გაიმიჯნება სოციალურად დაუცველი, დაბალშემოსავლიანი, საშუალოშემოსავლიანი და მაღალშემოსავლიანი პირების საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტები.

ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება:

1) საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს:

მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, არჩევანის საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით.

გარდა ამისა, ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქეებისთვის პროგრამის ფარგლებში, კერძო დაზღვევის პაკეტი ქონის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა კერძოდ, ქიმიო და ჰორმონოთრაპია. ასევე, მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.

2) დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს:

მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია, ასევე. თვითდასაქმებულ, არარეგულარული შემოსავლის მქონე პირებს კერძო დაზღვევის ქონის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლება, თუმცა მცირედ შეზღუდული პაკეტით. ასევე, მათ მიეცემათ გარდამავალი ეტაპის პრივილეგია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქე შეიძენს კერძო სადაზღვევო პაკეტს, პროგრამის ფარგლებში ურგენტული სერვისები მიეწოდებათ უცვლელად. ასევე, ხელმისაწვდომი რჩება ონკოლოგიური დაავადებების მართვა (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) და მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.

3) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, პირებს რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა, და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს:

მათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩინდებათ. ამასთან, მათ არ ეზღუდებათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური (და არა ოჯახის) შემოსავლის მიხედვით.

პროგრამის ფარგლებში მშობიარობა ყველა ჯგუფს დაუფინანსდება. ასევე, ყველა ჯგუფი დარჩება ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამების (მაგ: C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, დიაბეტის მართვისა და ა.შ) მოსარგებლეებად.

ცვლილების მიზანია სოციალური სამართლიანობის შექმნა. გარდა ამისა, სადაზღვევო ინდუსტრიას ექნება ყველა ბერკეტი, რომ აქტიური მარკეტინგით შეძლონ, მომხმარებლების მიზიდვა.

ჯანდაცვის სამინისტრო არ აზუსტებს არის თუ არა ცვლილებების მიზანი ფინანსური რესურსის დაზოგვა. ცვლილების წარდგენისას დავით სერგეენკომ განაცხადა - "ცვლილებების დაგეგმვისას მთავარი ხარჯების ეფექტურად გადანაწილება და არა მათი ეკონომია იყო".

2017 წლისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 660 მილიონი ლარია გამოყოფილი. 2016 წელს საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 570 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა პროგრამის შეუფერხებელი მიმდინარეობისთვის ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა, რის გამოც მას წლის ბოლომდე ბიუჯეტიდან 53 მილიონი ლარი დაემატა. მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 2015 წელსაც არ ეყო.

კომენტარები