სოფლის მეურნეობა

2016 წელს უცხოური ინვესტიციების მხოლოდ 0.6% ჩაიდო სოფლის მეურნეობაში

apma.ge

გასულ წელს საქართველოში სულ $1.64 მილიარდის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) შემოვიდა. აქედან მთავრობის მიერ პრიორიტეტად გამოცხადებულ სოფლის მეურნეობაში $9.9 მილიონი ჩაიდო. ეს კი ინვესტიციების მხოლოდ 0.6%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული სოფლის მეურნეობა ინვესტორთათვის მიმზიდველი დარგი არაა.

მთავრობის მეთაურმა და პარლამენტის თავმდჯომარემ დღეს წარადგინეს საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომლის მიხედვითაც უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების ფლობის უფლება ჩამოერთმევათ. კონსტიტუციის ამ ჩანაწერის ძალაში შესვლის შემთხვევაში სოფლის მეურნეობაში ჩადებული უცხოური ინვესტიციები სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად შემცირდება.

გასულ წელს სოფლის მეურნეობის სექტორში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 0% იყო, ეს კი ნიშნავს, რომ დარგი უძრაობის მდგომარეობაშია. შედარებისთვის, მშენებლობაში ზრდა 8.1%, საფინანსო საქმიანობაში 9.1%, ხოლო სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში კი ზრდა 9.9% იყო.

დაბალი ზრდის მიუხედავად, მთავრობა სოფლის მეურნეობის პროექტებში აქტიურად მონაწილეობს, გასული სამი წლის მანძილზე სექტორის განვითარებისთვის დახარჯულმა თანხამ დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი შეადგინა. 

სოფლის მეურნეობის სფეროს კომერციალიზაციისათვის მნიშვნელოვანია დიდი ზომის მეურნეობების არსებობა (50 ჰა და მეტი), თუმცა საქართველოს შემთხვევაში მეურნეობების ძირითადი ნაწილი, 85% მცირემიწიანია და მათი ფართობი 5 ჰექტარზე ნაკლებს შეადგენს. სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის ურბანიზაციის ზრდა და დიდი მეურნეობების შექმნაა მნიშვნელოვანი.

ამავდროულად, დარგის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ინოვაციების არარსებობა. თუ უცხოეთის მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენა აეკრძალებათ, ამას დარგში ინოვაციური მეთოდების დანერგვის პროცესის შენელებაც შეიძლება მოჰყვეს. 

კომენტარები