სოფლის მეურნეობა

0 - ამ მოცულობის უცხოური ინვესტიცია ჩაიდო სოფლის მეურნეობაში

სარწყავი სისტემა გარდაბანში
ტაბულა

საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის პირველ კვარტალში საქართველოში $403 მილიონი დოლარის ინვესტიცია (FDI) შემოვიდა. აქედან მთავრობის მიერ პრიორიტეტად გამოცხადებულ სოფლის მეურნეობაში თანხა საერთოდ არ ჩადებულა. რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული სოფლის მეურნეობა ინვესტორთათვის მიმზიდველი დარგი არაა. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას დაუჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკის აღნიშნული სექტორი საერთაშორისო ინვესტიციებისთვის პრაქტიკულად დაიხურება.

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის მიხედვით უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების ფლობის უფლება ჩამოერთმევათ. კონსტიტუციის ამ ჩანაწერის ძალაში შესვლის შემთხვევაში სოფლის მეურნეობაში ჩადებული უცხოური ინვესტიციები სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად შემცირდება.

2016 წელს სოფლის მეურნეობაში $9.9 მილიონი ჩაიდო, რაც მთლიანი ინვესტიციების 0.6%-ს შეადგენდა.

გასულ წელს სოფლის მეურნეობის სექტორში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 0% იყო, ეს კი ნიშნავს, რომ დარგი უძრაობის მდგომარეობაშია. შედარებისთვის, მშენებლობაში ზრდა 8.1%, საფინანსო საქმიანობაში 9.1%, ხოლო სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში კი ზრდა 9.9% იყო.

დაბალი ზრდის მიუხედავად, მთავრობა სოფლის მეურნეობის პროექტებში აქტიურად მონაწილეობს, გასული სამი წლის მანძილზე სექტორის განვითარებისთვის დახარჯულმა თანხამ დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი შეადგინა. 

სოფლის მეურნეობის სფეროს კომერციალიზაციისათვის მნიშვნელოვანია დიდი ზომის მეურნეობების არსებობა (50 ჰა და მეტი), თუმცა საქართველოს შემთხვევაში მეურნეობების ძირითადი ნაწილი, 85% მცირემიწიანია და მათი ფართობი 5 ჰექტარზე ნაკლებს შეადგენს. სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის ურბანიზაციის ზრდა და დიდი მეურნეობების შექმნაა მნიშვნელოვანი.

ამავდროულად, დარგის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ინოვაციების არარსებობა. თუ უცხოეთის მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენა აეკრძალებათ, ამას დარგში ინოვაციური მეთოდების დანერგვის პროცესის შენელებაც შეიძლება მოჰყვეს. 

კომენტარები