ბლოგი

ქართველთა მარში ქართულ საქართველოს ეწინააღმდეგება

როცა ამერიკელებს საქართველოზე ვუყვები, ბევრი მეკითხება - "როგორი ხალხი ცხოვრობსო"? პირველი,  რაც მაფიქრდება არის, რომ საქართველოში ყველაზე კარგად იციან სტუმართმოყვარეობა. ამით ვამაყობ და მადლიერი ვარ, რომ შანსი მქონდა და მაქვს, ისეთ სტუმართმოყვარე ქვეყანაში მეცხოვრა და დღესაც ვიცხოვრო, როგორიც საქართველოა.

ქართველთა მარშის ამბავი რომ გავიგე, გამიკვირდა და შემრცხვა. ვიფიქრე, ესენი არ არიან ის ქართველები, ვისაც ვიცნობ, ვინც შემიყვარდა, და ვისზეც ამერიკელ მეგობრებს სიამოვნებით ვუყვები.

"ქართველთა მარში"-ის ოფიციალურ Facebook-ზე, "ქართველთა მარში" აღწერილია ასე:

"ულტიმატუმი, რომ ყველა არალეგალმა უცხოელმა (ირანელები, არაბები, აფრიკელები და ა.შ.) დატოვოს საქართველოს ტერიტორია!!! ეს არის ჩვენი პასუხი იმაზე, რომ 51 წლის ირანელმა ქართველი ბავშვები (ბიჭები) გააუპატიურა!!! ჩვენ გავწმინდავთ ჩვენს ქუჩებს უცხოელი კრიმინალებისგან!!! ქართული საქართველოსთვის".

რაც გააკეთა იმ 51 წლის ირანელმა, მართლა საშინელებაა და უნდა დაისაჯოს. მაგრამ რატომ ყველა უცხოელი? მიუხედავად იმისა, რომ ვაფასებ ქართველების სტუმართმოყვარეობას, ისეთი მომენტებიც მინახავს, სადაც ქართული სტუმართმოყვარეობის ნაცვლად ქსენოფობია სუფევდა. რამდენიმე წლის წინ, ერთ ამერიკელ წყვილს, რომელსაც ბინის ქირაობა უნდოდა, ბინის მოძებნაში ვეხმარებოდი. მარჯანიშვილის მეტროსთან ახლოს ვიპოვე და პატრონთან სალაპარაკოდ მივედი. პატრონს ავუხსენი, რომ ხელშეკრულებას ხელს მოვაწერ, თუკი ჩემი მეგობრები პირობებზე შეთანხმდებოდნენ. მათ დავუკავშირდები და დაგირეკავთ მეთქი. პატრონმა ასე მიპასუხა: "იცი რა, გუშინწინ არაბები მოვიდნენ და თქვეს, რომ ეს ბინა უნდათ. მაგრამ თქვენ თუ გინდათ, მოგცემთ. არაბ დამქირავებლებს ამერიკელები მირჩევნია".

კიდევ ერთი ნიგერიელი მეგობარიც მყავს, ვისი ბინაც დღისით გაქურდეს. თურმე, მეზობლებს ეს უნახავთ, მაგრამ არცერთმა ხმა ამოიღო და არცერთმა არ გამოიძახა პოლიცია.

ასევე, ოთხი წლის წინ ამერიკელ მეგობართან ერთად ღამით, ნაძალადევის მეტროსთან ახლოს დავდიოდით, როცა ორი ნასვამი ახალგაზრდა შეგვხვდა და ამერიკა შეგვიგინა. ერთმა თავში ჩამარტყა, რის მერეც გაიქცნენ.

ამ არაჩვეულებრივი გამოცდილებიდან გამომდინარე, არ ვიცი, რა ვქნა - მთელი ერი განვსაჯო და ერთ ქვაბში მოვხარშო? ვეთანხმები, რომ უცხოელები კანონიერად უნდა შემოვიდნენ. ბევრი უცხოელიც გამიცნია, რომლებსაც საქართველოში არალეგალად დარჩენაც მოუწიათ.

ერთი აფრიკელი გავიცანი, რომელსაც საქართველოში პროფესიონალ საფეხბურთო გუნდში თამაშს დაპირდნენ. მისმა აგენტმა უთხრა, რომ ფული წინასწარ გადაეხადა, ჩამოსვლის შემდეგ კი, ყველაფერს თვითონ მოაგვარებდა. როცა ჩამოვიდა, მაშინ გაიგო, რომ აგენტმა მოატყუა. დაბნეული უცხოელი იყო, სხვა გზა არ ჰქონდა - უნდა დარჩენილიყო საქართველოში უვიზოდ, უფულოდ და უიმედოდ.

სხვებიც კი ჩამოდიან გასაქრისტიანებლად (იმ ქვეყნებიდან, სადაც აკრძალულია და სიკვდილით დასჯაც ემუქრებათ) ან საწარმოს გასახსნელად. იმ საწარმოს გახსნა ქართველებსაც აუცილებლად დაასაქმებს.

ადრე გამიგია, რომ არსებობს პროპაგანდა დასავლეთის წინააღმდეგ, რომ ამერიკა და ევროკავშირი "საქართველოს იდენტობას და ტრადიციებს ართმევს".

თითქოს სხვები მართავენ ამ "ქართველთა მარშს", რადგან ეს ქართული არ არის. საქართველოს იდენტობა სტუმართმოყვარეობაა - ქსენოფობია კი არა.

მოდით, ეს ქსენოფობია მოიშორეთ და გადალახეთ - ქართული საქართველოსთვის.

კომენტარები